11-03-2022
ძალიან ცოტა ქვეყანა თუ ხვდება რუსეთის აგრესიის პოტენციურ შედეგს ისე კარგად, როგორც საქართველო, საქართველო არის ქვეყანა, სადაც 2008 წელს რუსული ძალები შეიჭრნენ, ბევრი ქართველი დღემდე ინახავს ამ მწარე მოგონებებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
„შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ბევრი ქართველი, მათ შორის მთავრობაში და მოქალაქეებიც, სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ კოლეგებს. რაც ჩვენ ვიხილეთ გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, არის საერთაშორისო საზოგადოების საოცარი და ხშირ შემთხვევაში, მოულოდნელი ერთიანობა. ამის საუკეთესო მაგალითი არის ის, რაც მოხდა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, როდესაც 141 სახელმწიფო ერთად დადგა და დაგმო ეს არაპროვოცირებული, გაუმართლებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ და მოითხოვა მისი დასრულება. 141 შეიძლება იყოს უბრალო ციფრი, მაგრამ ამ რაოდენობის სახელმწიფოების ერთობა ძალიან იშვიათია.
2014 წელს, როდესაც რუსეთი შეიჭრა და დაიპყრო უკრაინა, 100 ქვეყანა შეუერთდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელშიც ეს ქმედება იყო დაგმობილი. 2016 წელს, როდესაც რუსულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს სირიის ქალაქი ალეპო, ეს ქმედება 122 სახელმწიფომ დაგმო. ის, რომ 141 ქვეყანა, მსოფლიო გმობს რუსეთის ქმედებებს უკრაინაში, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ერთად ვმუშაობთ და ჩვენი ხმა ერთიანია“,- განაცხადა ნედ პრაისმა.
მისივე თქმით, რუსეთის მიმართ სანქციები მუშაობს და ეს რუსეთის ეკონომიკაზეც აისახება.
„რაც შეეხება სანქციების ეფექტურობას, რთულია ამაზე იდავო. თქვენ შეგიძლიათ, ნებისმიერი საზომით იხელმძღვანელოთ, რომლითაც იზომება მათი გავლენა რუსულ ეკონომიკაზე. რუბლი ახლა გაუფასურებულია. საერთაშორისო კომპანიები ტოვებენ რუსეთს. ის ფაქტი, რომ რუსეთმა გააორმაგა საპროცენტო განაკვეთი, ეს გრძელვადიან პერიოდში აუტანელი იქნება. შედეგად ინფლაცია იზრდება. რუსეთის საფონდო ბირჟა კი ოთხი დღეა, არ მუშაობს. იმის თქმა ნამდვილად შეუძლებელია, რომ ეს სანქციები საკმარისად ძლიერი არ არის. ეს აისახება კიდეც რუსეთის ეკონომიკაზე.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, მხარი დაუჭიროს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მაგრამ ასევე დადგეს მთავარი პრინციპების დასაცავად, რომლებიც საფუძვლად უდევს წესებზე დამყარებულ წესრიგს, რომელმაც 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაიცვა სტაბილურობის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის უპრეცედენტო დონე. ეს ის პრინციპებია, როლებიც რუსეთმა 2008 წელს დაარღვია, როდესაც რუსეთის ძალები შეიჭრნენ საქართველოში და იგივე პრინციპს არღვევს ვლადიმერ პუტინი დღესაც. იდეა, რომ საზღვრები უნდა იყოს ხელშეუხებელი, რომ დიდმა ქვეყნებმა არ უნდა დაჩაგრონ პატარა ქვეყნები. იდეა, რომ ძლიერი ყოველთვის მართალი არ არის. ყველაფერი ეს, ახლა ფსონზე დევს, როგორც ევროპაში, ისე ინდო-წყნარ ოკეანეთში და სხვაგანაც. ჩვენ მოვუწოდეთ ყველა ქვეყანას, გვერდით დაუდგნენ უკრაინას ამ უფრო ფართო პრინციპების დაცვაში“,- განაცხადა ნედ პრაისმა.
16-11-2024
16-11-2024