12-03-2022
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება 2022 წლის 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ქმედებას.
"ხსენებული ე.წ. არჩევნების ჩატარება სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და წარმოადგენს საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას. იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი, ხოლო ადგილზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს საოკუპაციო ძალა, ხსენებულ ე.წ. არჩევნებს, ვერანაირი სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება.
ზემოხსენებულ ფაქტს ამყარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელმაც იურიდიულად დაადგინა რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევაში.
შემაშფოთებელია, რომ მაშინ როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას, რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ინტეგრაციის გზით, რასაც ემატება ადგილზე დარჩენილი მოსახლეობის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების უხეში დარღვევა და ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია. ამ ფონზე, კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებს, ისევე, როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ ეძლევა ოკუპირებულ რეგიონებზე წვდომის შესაძლებლობა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ მორიგ უკანონო ნაბიჯზე" - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში .
16-11-2024
16-11-2024