გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: საქართველოში ელექტროენერგიის მოწოდების პრობლემა არ დგას

13-03-2022

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საქართველოში ელექტროენერგიის მოწოდების პრობლემა არ დგას.როგორც  ამ თემაზე საუბრისას ლევან დავითაშვილმა აღნიშნა,  ქვეყანა ელექტროენერგიის 10-14%-ს იმპორტის სახით იღებს. 


„ჩვენ, სამწუხაროდ, იმ დროს, როდესაც ქვეყანას აქვს განახლებადი ენერგიის წარმოების და ზოგადად ელექტროენერგიის გენერაციის უდიდესი პოტენციალი, ჯერ კიდევ გვიწევს მისი იმპორტი.  მზარდი ეკონომიკური განვითარების პირობებში, ეს იმპორტი, სამწუხაროდ, ასევე მზარდია. თუმცა, ამ მომენტისთვის ეს არ არის მაინც ძალიან მნიშვნელოვანი რიცხვი, დაახლოებით 10-14 % -ია,  რასაც საქართველო, ზოგადად, იმპორტის სახით იძენს. ელექტროენერგიის იმპორტის ორი ძირითადი წყაროა - რუსეთი და აზერბაიჯანი, ჩვენ დაახლოებით 1.2 გიგავატ/სთ ელექტროენერგიას ვიღებთ რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან - დახლოებით 600 მეგავატ/სთ-ს, ასევე არის გარკვეული იმპორტი სომხეთიდან", - აღნიშნა მინისტრმა. 


ამასთან, ლევან დავითაშვილის განმარტებით, იმპორტის მაჩვენებელი ძირითადად უფრო მზარდი ზამთრის თვეებშია, ადგილობრივი ჭარბი ელექტროენერგიის გენერაცია კი  გაზაფხული-ზაფხულის თვეებში ხდება. შესაბამისად, შემდგომ თვეებში საქართველოში უკვე ადგილობრივი გენერაციის მატებას უნდა ველოდოთ. 
„გაზაფხულზე, საქართველოში, როგორც წესი, ჰიდროენერგიის წარმოება იზრდება და პიკური თვეები გვექნება მაის-ივნისში. ასე რომ, მომავალ თვეებში  იმპორტზე ნაკლები დამოკიდებულება გვექნება", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930