15-03-2022
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად არჩევამდე და შემდგომ გაპრეზიდენტებამდე, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მკვეთრი კრიტიკით გამოირჩეოდა.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან, რომელიც "საქართველოს გზის" ლიდერმა, სალომე ზურაბიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრას" 2013 წლის შემოდგომაზე, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებიდან წასვლის ერთი წლისთავზე მისცა.
"მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში დემოკრატია მოსპო, მაგრამ გარედან საქართველო დემოკრატიული ჩანდა. ივანიშვილი კი ახლა ამ დემოკრატიულ ფორმასაც უკარგავს.
ქვეყანაში არც ერთი ავტორიტეტული ინსტიტუტი აღარ არსებობს.
ახალმა ხელისუფლებამ ("ქართული ოცნება" რედ.) სასამართლოს დააბრალა, წინა ხელისუფლების სასამართლოაო და ამით ხელი დაიბანა, მაგრამ გამოძიების ჩატარება ხომ მაინც შეიძლებოდა?
არც ერთი გახმაურებული საქმე არ გამოუძიებიათ და ციხეებში პატიმრების წამების საქმეც მიივიწყეს.
აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს ვკითხე, თქვენგან რაიმე მითითება ხომ არ იყო, რომ ციხეებში წამებაზე გამოძიება არ ჩატარებულიყო-თქო.
მიპასუხეს - პირიქით, ველოდებოდით, რომ ბრალდებები მტკიცებულებებით გამყარდებოდა და სასამართლო ჩატარდებოდაო.
ხელისუფლება დასავლეთს აბრალებს სასამართლოები კოჰაბიტაციის გამო არ ჩატარდაო და პასუხისმგებლობას იხსნის. რეალურად, დასავლეთს კოჰაბიტაცია არ მოუთხოვია, კოჰაბიტაცია გარიგებას მალავს" - აცხადებდა სალომე ზურაბიშვილი.