16-03-2022
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ, კომიტეტის წევრებმა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და 1993 წლის 16 მარტს აფხაზეთში, გუმისთის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლები გაიხსენეს.
„ჩვენ დღეს განსაკუთრებული პატივით ვიხსენებთ ჩვენს დაღუპულ გმირებს. ამ დღეს ასევე აქვს განსაკუთრებული დატვირთვა ქართული მხედრული წარსულის ისტორიაში, როდესაც ქართველმა გმირებმა უკუაგდეს სოხუმზე მასირებული შეტევა, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბში დაიგეგმა და მასში რუსეთის რეგულარული არმიის სპეციალური დანიშნულების დანაყოფები, სეპარატისტები და დაქირავებული მებრძოლები მონაწილეობდნენ. საქართველოს ისტორიაში ეს არის ჩვენი ჯარისკაცების გმირობის და თავდადების ერთ-ერთი განსაკუთრებული და სამაგალითო დღე", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
„გუმისთაზე ბრძოლა ერთ-ერთი სახელოვანი ფურცელია ქართული ჯარის და სამშობლოსთვის მებრძოლების ისტორიაში. თუმცა, ამასთანავე ეს მძიმედ გასახსენებელი დღეა, რადგან ბევრმა მებრძოლმა იმ დღეს თავი გაწირა სამშობლოსთვის. პირადად მე ორი უახლოესი მეგობარი დავკარგე ამ ბრძოლაში და ეს იყო შემთხვევა, როდესაც ერთმანეთის გადარჩენის დროს დაიღუპა ეს ორი ადამიანი. მინდა გავიხსენო და პატივი მივაგო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დღეს დაიღუპა", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები ალექსანდრე ტაბატაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, რესან კონცელიძე, ეკა სეფაშვილი და გიორგი ხელაშვილი დაესწრნენ.
16-11-2024
16-11-2024