17-03-2022
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 6 ივლისს რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და დევნის ფაქტზე ი.ყ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 6 ივლისს, „თბილისი პრაიდის" ორგანიზებით გასამართი აქციის პარალელურად, მოწინააღმდეგე ჯგუფის მიერ მიმდინარე აქციაზე ი.ყ.-მ სატელევიზიო კომპანია „პალიტრანიუსის" ვიდეო-ოპერატორი ბ.მ. მიიჩნია ლგბტ თემის მხარდამჭერად და ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით და ძალადობით ბ.მ.-ს დევნა განახორციელა და შეეცადა დაზარალებულისთვის პროფესიული საქმიანობისთვის უკანონოდ ხელის შეშლას, მათ შორის იმ მიზნით, რომ ბ.მ.-ს არ განეხორციელებინა მოძალადე ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ამსახველი კადრების მოპოვება და გავრცელება.
სამართალდამცველებმა ი.ყ. 6 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით) და 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ყ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
16-11-2024
16-11-2024