18-03-2022
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია „პირველს“ დაევალა გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უარყოფა და პატრულ-ინსპექტორისათვის მორალური ზიანის ანაზღაურება.
ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტვ "პირველის" მიერ პატრულ-ინსპექტორის - გელა კვაშილავას შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ღირსების შემლახველი და ცილისმწამებლური იყო. სასამართლომ აღნიშნულ ტელეკომპანიას პატრულ-ინსპექტორის მორალური ზიანის ანაზღაურება, ასევე, შაბათის გადაცემის ეთერში სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება დაავალა.
გასული წლის 30 იანვარს, ტელეკომპანია "პირველმა" შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ათეულის მეთაური - გელა კვაშილავა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადატანაში დაადანაშაულა, ასევე, ამავე ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა მისი სურათი, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა სიუჟეტის ავტორს განუმარტა, რომ იგი არასწორ ინფორმაციას ფლობდა.
სააპელაციო სასამართლო განხილვის შემდეგ, სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ გელა კვაშილავას შემხებლობა არ ჰქონდა ნარკოტიკების ტრანსპორტირებასთან, ტელეკომპანია „პირველმა“ კი იცოდა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია იყო მცდარი და საზოგადოება შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში.
16-11-2024
16-11-2024