გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა კონფერენციას „საქართველოს სრული ჩართულობა პროგრამაში HorizonEurope“ უმასპინძლა

18-03-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კონფერენცია „ევროკავშირი-საქართველო – საქართველოს სრული ჩართულობა პროგრამაში HorizonEurope“ გაიმართა. კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა, მეცნიერების განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.

 

კონფერენციაში ასევე მიიღო მონაწილეობა ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის ევროკომისარმა მარია გაბრიელმა. ევროკომისარმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა HorizonEurope-ში ასოცირების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების პროცესში. კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმა ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.

 

აღსანიშნავია, რომ კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმაა ევროკომისიის, საქართველოს შესაბამისი უწყებებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს HorizonEurope-ის პროგრამაში საქართველოს ასოცირების შესაძლებლობების, პროგრამის სტრუქტურის, მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმისა და  HorizonEurope-ის ეროვნული ოფისის სტრატეგიული გეგმებისა და პერსპექტივების შესახებ. ასევე განიხილეს მარი სკლოდოვსკა-კიურის, ევროპის კვლევების საბჭოს (ERC), ევროპის ინოვაციების საბჭოსა (EIC) და COST-ის აქტივობებში მონაწილეობის კარგი შესაძლებლობები.

 

კონფერენციის გახსნაზე სიტყვით ასევე წარდგნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილე სინე რაცო და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე.

 

კონფერენციის ინტერაქციული სესიის ფარგლებში, წარმატებული ოთხი პროექტის მონაწილეებმა საქართველოდან კონფერენციის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხეს.

 

კონფერენციის ორგანიზებისთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შერჩევა სიმბოლური ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს  საქართველოს მისწრაფებას, უნივერსიტეტი იქცეს რეგიონში განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრად. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსება უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი მოვლენაა.

 

უნივერსიტეტი ითვალისწინებს თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომლის ბაზაზე მოხდება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განვითარება კონკრეტულ დარგში წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაარსდება ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელშიც შესაძლებელი იქნება სამეცნიერო კვლევების განხორციელება სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. ადრონული თერაპიის ცენტრის საკვლევი თემატიკა ზუსტად ეხმიანება Horizon Europe-ის 2030 წლის მიზნებს, რომლის პრიორიტეტი სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლის მიმართულების პროექტების დაფინანსება წარმოადგენს. ამ მხრივ საქართველოს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა, სამედიცინო ფიზიკაში წარმართული კვლევების მთავარი მონაწილე გახდეს და მსოფლიო მასშტაბით თავისი ღირსეული სიტყვა თქვას.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის წევრი გახდა და საქართველოში Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი დაფუძნდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930