3-01-2018
საქართელოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, მის პოლიტიკურ განეიტრალებას 3 ქვეყნის ოლიგარქი ცდილობს, - ამის შესახებ მან თბილისსა და კიევში ჩანიშნული სასამართლო სხდომებთან დაკავშირებით newsone-ის ეთერში ისაუბრა. მისივე თქმით, პუტინმა და პოროშენკომ მისი პოლიტიკური განეიტრალება სატელეფონო საუბრისას განიხილეს:
„29 დეკემბერს, ვლადიმერ პუტინსა და პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც ტყვეთა გაცვლის და სხვა საკითხებს შორის განიხილებოდა ჩემი საკითხიც, კერძოდ, პრეზიდენტების დონეზე თანამშრომლობა ჩემს წინააღმდეგ. პუტინი არ მალავს რომ დაინტერესებულია ჩემით, პოროშენკო რომ დაინტერესებულია ეს ბავშვმაც კი იცის უკრაინაში. ის რომ ეს საკითხი ერთმანეთთან განიხილეს, ეს სიახლე იყო ჩემთვის, გასაგებია რა დონეზეც მიდის საუბარი. სამი ქვეყანაა ამ პროცესში ჩართული, საქართველოში მათ დანიშნეს პროცესი განაჩენის გამოსატანად, იმიტომ რომ ბრალდების მიხედვით უკრაინის პროკურატურამ თქვა, რომ ეს არის პოლიტიკური საქმე და ახლა არ შეუძლიათ თქვან, რომ ბოდიში შეგვეშალაო, დავწერეთ სისულელე 12 გვერდზე და ახლა შევცვლით და გადმოგცემთ სააკაშვილსო. რაც შეეხება საქართველოში ჩემს წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლოს, მთელ მსოფლიოში სისხლის სამართლის საქმეზე შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა და მხოლოდ პრეზიდენტის გადასაწყვეტია. საქართველოს ხელისუფლება და გაზპრომის ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მიიტაცა ხელისუფლება, მასამართლებს მე პრეზიდენტობის დროს შეწყალების უფლების გამოყენების გამო. ევროპის სასამართლოში ეს ბრალდება გაქარწყლდება მაშინვე, ეს ბრალდება სამარცხვინოა, უბრალოდ მათ ეს არ აინტერესებთ, მათთვის მთავარია, რომ გააკეთონ რამე. საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებას ერთ დღეს მოუვიდა თავში ჩემს წინააღმდეგ სასამართლო პროცესების ჩანიშვნა, ამასთანავე პუტინიც საქმეშია.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
წყარო: "გურიის მოამბე"
http://www.guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=27880