გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
აფხაზეთში «ღირსების მკვლელობები» გრძელდება: ამჯერად ძმამ და – 4 შვილის დედა მოკლა

19-06-2018

ოკუპირებულ აფხაზეთში ქალების მიმართ ე.წ. “ღირსების მკვლელობები” გრძელდება. მორიგი შემთხვევა ოჩამჩირეს რაიონში მოხდა: ძმამ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და – ოთხი შვილის, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვის დედა, ხოლო შემდეგ პოლიციას ჩაბარდა.

როგორც ირკვევა, მკვლელობა ჯერ კიდევ 9 ივნისს მოხდა, თუმცა დე ფაქტო შსს-ს მის შესახებ ინფორმაცია არ გაუხმაურებია და მომხდარი მხოლოდ სოციალური ქსელის წყალობით გახდა ცნობილი.

“Эхо Кавказа”-ს ინფორმაციით, მკვლელობამდე ქალბატონი მეუღლის ოჯახიდან ფულადი თანხის მოპარვის ბრალდებით 8 წლით იყო გასამართლებული, თუმცა სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მას ოთხი შვილი, მათ შორის ჩვილი ჰყავდა და ბავშვის მიერ 14 წლის ასაკის მიღწევამდე განაჩენის აღსრულება გადაავადა.

იზოლატორიდან ქალბატონი სწორედ მისმა ძმამ გამოიყვანა, მეორე დღეს კი მოკლა, რის შემდეგაც პოლიციას თავად ჩაბარდა და დანაშაულიც აღიარა.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მამაკაცს პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ცნობისთვის: ზუსტად ერთი წლის წინ რობერტ ჯღამაზიამ თავისი 23 წლის ქალიშვილი ანჟელიკა მოკლა. მამაკაცის ნათესავებმა მაშინ განაცხადეს, რომ იგი მკვლელობამდე აფხაზური პარლამენტის დეპუტატმა ალმას ჯაპუამ მიიყვანა. რობერტ ჯღამაზიას 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

მიმდინარე წლის 12 მარტს კი ვიქტორ ჯანბამ დღისით-მზისით ქუჩაში, ყველას თვალწინ ავტომატიდან ჩაცხრილა მისი მცირეწლოვანი შვილის დედა - გიულგაზ მამედოვა, რომელიც მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. მამაკაცის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, წარმოებს გამოძიება.

accent

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930