19-03-2022
კონფერენციის „საქართველოს სრული ჩართულობა პროგრამაში HorizonEurope“ ფარგლებში, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა გახსნა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში HorizonEurope-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა.
როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, 3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინა, რაც უმნიშვნელოვანესი ეტაპია ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ეს პროცესი საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებით დაგვირგვინდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, HorizonEurope-ის წევრი გახდა და საქართველოში HorizonEurope-ის ეროვნული ოფისი დაფუძნდა. შესაბამისად, ეს მოვლენა გახლავთ უაღრესად მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით.
მინისტრის თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამ შეთანხმების საფუძველზე HorizonEurope-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები ისარგებლებენ ზუსტად ისეთივე პირობებითა და უფლებებით, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში მეცნიერების განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრი, რომლის განსავითარებლად ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. მიხეილ ჩხენკელის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე. ადრონული თერაპიის ცენტრიც მთლიანად ფონდი „ქართუს“ მიერ არის დაფინანსებული. ცენტრში განთავსდება ორი ციკლოტრონი, რომელთა დამზადება მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს. ადრონული თერაპიის ცენტრის ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, მეორე კი განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. არაერთმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ კოლეგებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში.
მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ ადრონული თერაპიის ცენტრის საკვლევი თემატიკა ზუსტად ეხმიანება HorizonEurope-ის 2030 წლის მიზნებს, რომლის პრიორიტეტი სწორედ სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლის მიმართულების პროექტების დაფინანსება წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკავშირის ახალი ჩარჩო პროგრამის HorizonEurope-ის საგრანტო კონკურსებში საქართველოს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმატების მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად. ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი უკვე გადაიდგა – დაწყებულია საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისების ქსელის შექმნა, რომელიც ეტაპობრივად ყველა უნივერსიტეტს მოიცავს.HorizonEurope-ის საგრანტო ოფისები უკვე მოეწყო საჯარო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქუთაისის აკაკი წერეთლის, ბათუმის, სამცხე-ჯავახეთის, ზუგდიდისა და თელავის უნივერსიტეტებში. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საგრანტო ოფისები კი უკვე გაიხსნა. გარდა ამისა, განახლდა და გაძლიერდა HorizonEurope-ის ადგილობრივი საკონტაქტო პირების ქსელი მიმართულებების მიხედვით.
საგრანტო ოფისების ფუნქცია იქნება ქართველ მკვლევართა ჯგუფების დახმარება კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადების მომზადებასა და შემდგომში მის მართვაში.
16-11-2024
16-11-2024