20-03-2022
ესპანეთში ათასობით ადამიანი სურსათის, ელექტროენერგიისა და საწვავის მკვეთრად გაძვირების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე გამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ფრანს 24“ ავრცელებს.
დემონსტრაციები ესპანეთის უმსხვილეს ქალაქებში ულტრამემარჯვენე პარტიის, Vox-ის ორგანიზებით გაიმართა.
მადრიდის მერიასთან რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც სოციალისტი პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის გადადგომას ითხოვდნენ.
„ფრანს 24“-ის ცნობით, გასული წლის განმავლობაში ესპანეთში ენერგორესურსებზე ფასი 72 პროცენტით გაიზარდა, რაც ევროკავშირში ყველაზე დიდი ზრდა იყო. უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ კი, ენერგოპროდუქტები კიდევ უფრო გაძვირდა.
გასულ კვირას სატვირთო მანქანების ესპანელმა მძღოლებმა გაფიცვა გამოაცხადეს საწვავის გაძვირების გამო, რასაც მათ მიერ გზების გადაკეტვა და საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. გაფიცვამ მომარაგების პრობლემები შექმნა.
ფასების ზრდის გამო ესპანეთის ორი უმსხვილესი პროფკავშირი 23 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაფიცვის გამოცხადებას გეგმავს.
მთავრობა პირობას დებს, რომ ენერგორესურსებზე ფასის შემცირების გეგმას 29 მარტს წარმოადგენს.
16-11-2024
16-11-2024