გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«Radio Voice of America» (აშშ): რა დროით ჩაირთო პრემიერ მამუკა ბახტაძის ტაიმერი?

19-06-2018

საქართველოს პარლამენტში პრემიერ მინისტრობის 36 წლის კანდიდატ მამუკა ბახტაძისა და მისი ახალი კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადება მხოლოდ დროის საკითხია. გაცილებით რთულია იმის პროგნოზი, რამდენ ხანს გაძლებს ამ თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ რიგით მეოთხე პრემიერი ანუ რა დროით ჩაირთო მისი ტაიმერი?


ბოლო ექვსი წლის გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ პრემიერ-მინისტრის ტაიმერის ჩართვა-გამორთვა მთლიანად მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ნება-სურვილსა და გუნება-განწყობილებაზეა დამოკიდებული.


2012 წლის შემოდგომაზე ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პრემიერის თანამდებობა ბიძინა ივანიშვილმა დაიკავა და 13 თვის შემდეგ, ტაიმერი საკუთარ თავს თავად გაუთიშა. „ოცნების“ რიგით მეორე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტზე 2 წელი და 1 თვე დაჰყო და თანამდებობის დატოვება სრულიად მოულოდნელად მოუხდა. ზუსტად ანალოგიური განმეორდა მესამე პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის შემთხვევაში, მან თანამდებობაზე 2 წელი და 6 თვე გაძლო. ჯერ კიდევ 2018 წლის მარტში იგი დარწმუნებული იყო, რომ „მისი გადადგომის ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავდა“.


პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ მამუკა ბახტაძის პოლიტიკური კარიერაც ისევე მოულოდნელად შეწყდეს, როგორც დაიწყო, რადგან მისივე თქმით, „ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს ირჩევენ და არ ნიშნავენ“:


„როგორც ჩანს, განზახვა ასეთია, რომ ახლა ამ ახალგაზრდა, პერსპექტიულ კაცს ბახტაძეს ვუშვებთ ხორცსაკებ მანქანაში, ზუსტად იმავე სისტემაში, სადაც ადრე ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი ჩაუშვეს, ახლა ბახტაძე უნდა ვატრიალოთ. მთავარი პრობლემა სწორედ ამაშია, ჩვენი კონსტიტუციით, ჩვენი სახელმწიფოს მოწყობის სისტემით, პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს არა რომელიმე დარგის კარგად მცოდნე ადამიანი, არამედ პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ქვეყნისა და საკუთარი პოლიტიკური პარტიის ლიდერიც არის. პოლიტიკურ ლიდერად დანიშვა რთული თემაა, პოლიტიკურ ლიდერს ირჩევენ. საპარლამენტო რესპუბლიკებში მთავრობებს სწორედ ის ხალხი ხელმძღვანელობს, რომელიც გაუძღვა თავის პოლიტიკურ გუნდს და გაიმარჯვა არჩევნებზე.


სწორედ ამიტომ ვთქვი, როცა კვირიკაშვილის გადადგომის შესახებ გახდა ცნობილი, რომ „ოცნების“ მხრიდან სწორი ნაბიჯი იქნებოდა, პოლიტიკური ლიდერის ფუნქცია თავის თავზე ისევ ბიძინა ივანიშვილს აეღო, იმიტომ რომ 2012 წლიდან ის არის პოლიტიკური ლიდერი და არავინ სხვა“.


ბიძინა ივანიშვილის მიერ შერჩეული „ახალი პოლიტიკური ლიდერი“ საზოგადოების წინაშე „მცირე მთავრობის“ კონცეფციით და არსებული 14 სამინისტროს 11-მდე შემცირების გეგმით წარსდგა. ეს რეფორმა საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე შეუძლებელია, ამიტომ მამუკა ბახტაძემ პარლამენტს მიმართა, ოთხშაბათს, ნდობა ახალ პრემიერსა და ფორმალურად ძველ კაბინეტს გამოუცხადოს, ახალ კაბინეტზე კი შესაბამისი ცვლილებების შემდეგ, ორი-სამი კვირის თავზე დეტალურად იმსჯელოს.


მამუკა ბახტაძის განახლებულ ძველ კაბინეტშიც აღარ მოიძებნა ადგილი ექს-პრემიერ კვირიკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრებისთვის: საგარეო მინისტრ მიხეილ ჯანელიძისა და ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილისთვის. თანამდებობის დატოვება შესაძლოა კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ გიორგაძესაც მოუწიოს.


დაგეგმილია იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების გაერთიანება, მაგრამ ამ ეტაპზე ისევ უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს ახალ სამინისტროს: თეა წულუკიანი, რომლის გადადგომასაც საზოგადოების ნაწილი დაჟინებით მოითხოვს თუ კახი კახიშვილი, რომელსაც მეორე ნაწილი ახალ გენერალურ პროკურორად ხედავს?


ამ დროისთვის, უცნობია ახალი ფინანსთა მინისტრის ვინაობაც, ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მამუკა ბახტაძე პრემიერის პოსტზე წარადგინეს. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ მთავრობის შეკვეცით 120 მილიონ ლარის ოდენობის საბიუჯეტო სახსრებს დაზოგავს:


„მცირე მთავრობის კონცეფცია არ გულისხმობს მხოლოდ სამინისტროების რაოდენობის შემცირებას. ეს არის კონცეფცია, თუ რა წილი უნდა ჰქონდეს მას მთლიან შიდა პროდუქტში, მთლიან ეკონომიკაში. 2018 წელს საორიენტაციოდ, მთავრობის შენახვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 4,2 – 4,3 % ფარგლებში გვექნება. მცირე მთავრობის კონცეფცია გულისხმობს მთავრობის ზომის შემცირებას ეკონომიკასთან მიმართებაში ისე, რომ ის არ აღემატებოდეს მშპ-ს 3,9%-ს. თანხაში ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მომავალში საშუალება მოგვეცემა 100-120 მილიონი ლარის ფარგლებში მივმართოთ სხვა მნიშვნელოვან სოციალურ პროგრამებზე“.


მამუკა ბახტაძეს 9 ივნისს 36 წელი შეუსრულდა. იგი 1982 წელს თბილისში დაიბადა. ბიოგრაფიაში მითითებული აქვს, რომ ისწავლა როგორც თსუ-ში, ისე სტუ-ში. არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს ჯერ მოსკოვში, მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ პარიზში, ბიზნესის ადმინისტრირების ევროპულ ინსტიტუტში. მომავალი პრემიერი სხვადასხვა წლებში მუშაობდა ამჟამად მსჯავრდებული ბიზნესმენის მაია რჩეულიშვილის სასტუმროების ქსელ “რჩეულში” (2007-08) და დეველოპერულ კომპანია „ცენტრ პოინტში“ (2007); საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციაში (2010-2012), რომელიც ძმებ დავით და გელა ბეჟუაშვილების ეკუთვნის და საქართველოს რკინიგზაში (2005-06, 2013-2017) სადაც მისი წლიური ანაზღაურება 250 000 ლარს აღემატებოდა. 2017 წლის ნოემბერში, ფინანსთა მინისტრად დაინიშნა.
2012 წლის აგვისტოში იყო მაშინდელი მმართველი პარტიის ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველი. მამუკა ბახტაძემ „ნაციონალური მოძრაობას“ 20 ათასი ლარი ჩაურიცხა.


ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 2018 მაისის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 55%-ს მამუკა ბახტაძის შესახებ არაფერი სმენია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930