გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული არჩევნები იმართება

22-03-2022

საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესწავლის მიზნით იმიტირებულ კენჭისყრას ატარებს.


იმიტირებული არჩევნები ბათუმში ორ საარჩევნო უბანზე იმართება. კენჭისყრის დღე ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიმდინარეობს.იმიტირებული არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელები.


ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილის თქმით, იმიტირებული კენჭისყრის პროცესის დასრულებისა და შესწავლის შემდეგ ცესკო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას,არჩევნების დღეს იქნება თუ არა გამოყენებული საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის ელექტრონული ტექნოლოგია.


„დღეს ჩვენ ვატარებთ იმიტირებულ არჩევნებს, იმისათვის რომ ჩართულ მხარეებთან -  ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად ვნახოთ ის სიკეთეები, დადებითი მხარეები, მათ შორის რისკებიც, რომელიც ამ ტექნოლოგიური საშუალებების არჩევნებშიგამოყენებას  შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, გასული წლის მაგალითიდან გამომდინარე ვნახეთ, რომ ეს პილოტი შედგა წარმატებით. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის შუალედური არჩევნები არის კარგი შესაძლებლობა, რომ პატარა მასშტაბებით, ეტაპობრივად მოახდინოს ასეთი ტიპის საშუალებების გამოყენება/პილოტირება  და გამოავლინოს დადებითი და უარყოფითი მხარეები. იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, საკანონმდებლო ორგანომ, პოლიტიკურმა სპექტრმა იფიქროს და მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი ტექნოლოგიების გამოყენების  მიზანშეწონილობის შესახებ. თუმცა საერთაშორისო კარგი პრაქტიკა, მათ შორის ევროპული ქვეყნების, მიუთითებს, რომ ასეთი ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება მნიშვნელოვნად ამარტივებს საარჩევნო პროცესს და ხსნის გარკვეულ კითხვის ნიშნებს, მათ შორის მანიპულაციურ კითხვის ნიშნებს, სხვადასხვა პროცედურასთან მიმართებაში“,-განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.


საარჩევნო პროცედურების - ამომრჩევლის ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული კენჭისყრა 11:00 საათზე დაიწყო და 17:00 საათზე დასრულდება. კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სიაში 600-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული. ერთ საარჩევნო უბანზე ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით უზრუნველყოფილია მხოლოდ ხმის მიცემისა და დათვლის პროცესი, ხოლო მეორე საარჩევნო უბანზე როგორც ვერიფიკაციის, ასევე ხმის მიცემისა და დათვლის პროცესი. კენჭისყრას აკვირდებიან არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები.2 აპრილს ქალაქ ბათუმში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ბათუმში გახსნილ 14  საარჩევნო უბანზე საპილოტე რეჟიმში დაგეგმილია ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განხორციელება. შეგახსენებთ, რომ ხმის ელექტრონულად დათვლის საპილოტე პროექტი 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე კრწანისის ოლქის 31 საარჩევნო უბანზე წარმატებით განხორციელდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930