19-06-2018
ძალადობის სავარაუდო შემთხვევა მოხდა კახეთის ერთ-ერთ სოფელში. 30 წლის ქალი 70 წლის მამაკაცს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. პოლიციამ ძალადობის მუხლით საქმე უკვე აღძრა, თუმცა ჯერ არავინ დაუკავებიათ. ქალი ამბობს, რომ ინციდენტის შემდეგ მოძალადე მამაკაცი სახლში ეჭრება და ემუქრება.
ინფორმაციას ტელეკომპანია „გურჯაანი“ ავრცელებს.
“თუ ტანსაცმელს არ გაიხდი, შენც და დედაშენსაც მოგკლავთო. ასეთი მუქარით ამომიყვანა ამ პარკში, სადაც ტანსაცმელი იძულებით გამახდევინა. ვინმე რომ დამხმარებოდა, შეშინებულმა ყვირილი დავიწყე. ვერავინ დამეხმარა, ამ ადგილიდან ჩემი ხმა ვერავინ გაიგონა.
პოლიციამ მოძალადეს შემაკავებელი ორდერი მისცა, მაგრამ მას შემდეგ კიდევ ორჯერ იყო ჩემს სახლში მოსული, გინდა თუ არა, პარკში უნდა გამომყვეო. ძალიან შემაწუხა. თუ არ მოდიოდა, მთელი კვირა მირეკავდა და შეხვედრას მაიძულებდა“-განაცხადა ძალადობის სავარაუდო მსხვერპლმა.
30 წლის ქალი სახლში დედასთან ერთად ცხოვრობს. პოლიციას ამ თემასთან დაკავშირებით სწორედ დედამ აცნობა, რის შემდეგაც ქალს ექსპერტიზა ჩაუტარდა. დედა მოძალადის დასჯასა და შვილისთვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას ითხოვს.
„კატეგორიულად მოვითხოვ, დამნაშავე დაისაჯოს. ჩემი შვილი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მატარებელია, მას ფსიქოლოგის დახმარებაც სჭირდება, მაგრამ უკიდურესად გაჭირვებულები ვართ და არ გვაქვს საშუალება, ფსიქოლოგის კონსულტაცია ჩავუტაროთ. არადა ჩემი შვილი დეპრესიაშია, ნერვული სტრესი აქვს და მისთვის ფსიქოლოგის დახმარება აუცილებელია“-განაცხადა დაზარალებულის დედამ.
თავად სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი კი მომხდარს მხოლოდ ფლირტს უწოდებს და ძალადობას კატეგორიულად გამორიცხავს.
„ტყუილია, რომ გავაუპატიურე. რა სექსუალური ძალადობა, ჩვენ შორის კოცნაზე მეტი არაფერი ყოფილა. ქალი ტყუის“-განაცხადა ძალადობაში ბრალდებულმა.