22-03-2022
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა გერმანიის საელჩოსა და KFW-ს წარმომადგენლებს. შეხვედრაზე გერმანული მხარის ჩართულობითა და დაფინანსებით მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ იმსჯელეს. კერძოდ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარაში ბათუმის წყლის სისტემის განვითარების პროექტის მეხუთე ფაზის განხორციელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. შეხვედრაზე გერმანულ მხარესთან შეთანხმებით განისაზღვრა შემდგომი ნაბიჯები, რაც მეხუთე ფაზის პროექტის 78.8 მლნ ევროთი დაფინანსებას ითვალისწინებს (მათ შორის გერმანიის მთავრობის/KfW დაფინანსება 53 მლნ ევრო). საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ბათუმის წყლის სისტემის განვითარების ინფრასტრუქტურული პროექტის 4 ფაზა უკვე დასრულებულია.
პროექტის მეხუთე ფაზის ფარგლებში ადლიის, აეროპორტის, კახაბრის, ჩაქვის, ინდუსტრიული ზონის, ხელვაჩაურის, მეჯინისწყლის ტერიტორიაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემა მოეწყობა. პროექტი ითვალისწინებს წყლის თანამედროვე სისტემების მოწყობას ბათუმის მთელ ტერიტორიაზე, ქალაქის სანიაღვრე სისტემების გამტარუნარიანობის გაუმჯობესებას, გარემოს დაბინძურებისა და მასზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი ლიდია კრიტსმანი, KFW -ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი ბირგიტ ჰოლდერიდი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
16-11-2024
16-11-2024