23-03-2022
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გარემოს ეროვნულ სააგენტოში, ევროპული სკოლის V-VI კლასის მოსწავლეებს სააგენტოს წარმომადგენლებმა ჰიდრომეტეოროლოგიის დარგის განვითარების ისტორია და თანამედროვე სისტემების მუშაობის პრინციპები გააცნეს.
მათივე ცნობით, მოსწავლეებმა დაათვალიერეს სადამკვირვებლო ქსელი, რომლის საშუალებითაც ხდება ყოველდღიური ამინდის პროგნოზის შედგენა, გავრცელება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციის გაცემა. სკოლის მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს საქართველოში არსებული მეტეოროლოგიური რადარების მონაცემების ანალიზის შესახებაც.
„აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო ევროპის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრის წევრი ქვეყანაა, რაც ხელს უწყობს საქართველოში ამინდის პროგნოზის ხარისხის გაუმჯობესებას.
დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დღეისათვის, შეძენილია 139 მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური პარამეტრების გამზომი ავტომატური დანადგარი, რომელიც, 2023 წლის ბოლომდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსდება. აღნიშნული ქსელის გაფართოება გააუმჯობესებს ამინდის პროგნოზირების ხარისხს და მოსალოდნელი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილებების ეფექტიანობას გაზრდის.
მეტეოროლოგიის მსოფლიო დღე, 1950 წლიდან, ყოველ წლის 23 მარტს აღინიშნება და იგი მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის დაარსებას უკავშირდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
16-11-2024
16-11-2024