24-03-2022
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა რეგიონში სარწყავ სისტემებზე არსებული ვითარება და გამოწვევები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.
საუბარი შეეხო რეგიონის მუნიციპალიტეტებში მაგისტრალურ და გამანაწილებელ არხებზე უკვე განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ სარეაბილიტაციო პროექტებს. ყურადღება გამახვილდა კომპანიასა და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამის სამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე. „ქვემო ქართლში სარწყავ წყალზე მოთხოვნა დიდია. სარეაბილიტაციო საქმიანობის დაგეგმვისას, ამ რეგიონს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
საინტერესო დისკუსია გვქონდა გუბერნატორთან გამართულ შეხვედრაზე; შევაჯერეთ პოზიციები, დავგეგმეთ შემდეგი ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის, რეგიონში მიმდინარეობს 7 სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 7 მლნ ლარია. პროექტების განხორციელების შედეგად, რეგიონში, დამატებით 1 800 ჰექტარამდე მოირწყვება“,- აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.
შეხვედრა, რომელიც ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.2012 წლიდან დღემდე, ქვემო ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 55, 1 მლნ ლარის ღირებულების 60 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა, რის შედეგადაც, დამატებით, 31 600 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი ირწყვება, ხოლო წყლის მიწოდება 25 000 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდა. მიმდინარე წელს, დაგეგმილია 16 მლნ ლარის ღირებულების 11 ახალი პროექტის დაწყება, შედეგად, დამატებით, 1400 ჰექტარამდე სავარგული მოირწყვება, ხოლო წყლის მიწოდება 11 000 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.
16-11-2024
16-11-2024