25-03-2022
„საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ 30 000-ლარიანი და 100 000-ლარიანი საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები კახეთის რეგიონში გამოვლინდნენ.
„საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ცნობით, პროგრამა ევროკავშირის საგრანტო დაფინანსებით, „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს ხუთ რეგიონში (იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) ხორციელდება.
„30 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები: დურდოს გამაგრილებელი დამრევი - პროქტის მიზანია ქვევრის ღვინის წარმოებაში არსებული მწვავე პრობლემების გადაჭრა და ქვევრის ღვინის ინდუსტრიული წარმოების გაუმჯობესება. თაფლისა და თაფლის პროდუქტების წარმოება - პროექტი მიზნად ისახავს, ტრადიციული საქმიანობის განახლებას, განვითარებასა და მის ,,გათანამედროვებას“. მეთაფლეობისთვის, როგორც ძირძველი ტრადიციისა და საქმიანობისთვის, უნიკალურობის შემატება და წარმოება.
პლატფორმა horsetours.ge - პროექტის მიზანია საცხენოსნო ტურიზმის განვითარება, რაც გულისხმობს დარგის გაციფრულებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას, როგორც მომხმარებლისთვის, ასევე სერვისის მომწოდებლისთვის.
ჩურჩხელა ბოქსი - პროექტის მიზანია ტრადიციული ქართული ტკბილეულის პოპულარიზაცია. ე.წ. ჩურჩხელა DIY box, ჩურჩხელის ამოსავლებად გამზადებული საჭირო ინგრედიენტებით შედგენილი ყუთი.
ქართული, ბიოლოგიური მეთოდებით მოყვანილი ხორბლის ჯეჯილის ფხვნილი (სუსპენზია) და მცენარეული ჩაი - პროექტის მიზანია შეიქმნას ქართული, ბიოლოგიური მეთოდებით მოყვანილი ჯეჯილის ფხვნილის და მცენარეული ჩაის წარმოება და გლობალურ ბაზარზე გატანა.
ჩადი - გუნდის მიზანია ქვევრში ღვინის დაყენების ავტომატიზაცია. იდეა აერთიანებს ორ პროდუქტს - ქვევრში ჭაჭის ქუდის დამძირავს და ტემპერატურის მაკონტროლებელს.
100 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები:
ჭკვიანი სოფლის მეურნეობა - პროექტის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების, კერძოდ, დრონების დანერგვა სოფლის მეურნეობაში, რაც ხელს შეუწყობს ფერმერების საქმიანობას და ინტენსიური სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში. ონიქს ვინგზ სტუდიო - თამაში "მისთქოლერ" - პროექტის მიზანია, ქართული თამაში - მისთქოლერი გავიდეს საერთაშორისო ასპარეზზე. დიაბეტური, უგლუტენო და უშაქრო საკვების წარმოება ინოვაციური რეცეპტებით - პროექტის მიზანია 10-ჯერ გაიზარდოს ნამდვილი დიაბეტური, დიეტური, უშაქრო და უგლუტენო პროდუქტების მცირე წარმოება კახეთში, შილდაში.
მხოლოდ კარგი ღვინოები - მხოლოდ ქართული ღვინოები წარმოადგენს ღვინის ინდუსტრიაში მოქმედ ტექნოლოგიურ სტარტაპს, რომელიც კახეთის რეგიონში არსებულ მცირე, საშუალო და მსხვილი ზომის ღვინის საწარმოებს სთავაზობს მობილურ ტექნოლოგიურ სერვისს, რაც გულისხმობს ღვინის ჩამოსხმის, ეტიკეტირების, ფილტრაციისა და სტაბილიზაციის სერვისს მაღალტექნოლოგიური დანადგარების გამოყენებით. ერთიანი რეგიონული განვითარების პოლიტიკისა და ევროკავშირის ტერიტორიული დაგეგმვის უახლესი მიდგომების შესაბამისად, პროექტის მიზანია, რეგიონული სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში.
აღნიშნული პროგრამა მოიცავდა ორი კატეგორიის საგრანტო პროგრამას:
მცირე გრანტი 30 000 ლარის ოდენობით, რომლის მიზანია ინოვაციების დანერგვა, ტესტირება ან გაუმჯობესება მათი შემდგომი კომერციალიზაციისთვის. ინოვაციებით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული სუბიექტების საერთაშორისო ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრაცია და მათი კომერციული პოტენციალის გაზრდა. ინოვაციური მეწარმეობის გრანტი 100 000 ლარის ოდენობით, რომლის მიზანია ინოვაციური ან/და ტექნოლოგიური ელემენტის შემცველი და კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე ბიზნეს პროექტების დაფინანსება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
16-11-2024
16-11-2024