26-03-2022
გასული ერთი კვირის მონაცემებით, Covid-19-ის ვირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში საგრძნობლად იკლო. კერძოდ, ვირუსი მასწავლებელთა 0,3%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,1%-ს დაუდასტურდა.
ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ 1 საჯარო სკოლა იმყოფება. სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი კი, გასულ კვირაში რისკის ჯგუფის 71-მა მასწავლებელმა გამოთქვა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით კვლავ მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება. 1-ლი მარტიდან სკოლების პერსონალი კორონავირუსზე კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით მოწმდება. 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში Covid-19-ზე ტესტირების პროცესში ჩართულია სპეციალურად გადამზადებული სკოლის ექიმი.
ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.7%, მათ შორის 97% სრულად ვაქცინირებულია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლებს აქვთ დისტანციური სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა. შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი შერეულ ფორმატში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კოვიდრეგულაციების შემსუბუქების მიუხედავად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, აქამდე არსებული კოვიდრეგულაციები ძალაში რჩება, მათ შორის, თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება. ასევე, ძალაში რჩება პირბადეების ტარების წესი.
16-11-2024
16-11-2024