28-03-2022
„დღეს საცალო ქსელში იყიდება საწვავი, რომელიც ფასების პიკში არის შეძენილი, თუმცა, გვაქვს უშუალო ურთიერთობა იმპორტიორებთან და არის მოლოდინები, რომ ეს პიკური ფასები გადაივლის და საწვავზე უფრო ნაკლები ფასები შეიძლება გვქონდეს დროის გარკვეულ მონაკვეთში" - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საწვავის ფასებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საწვავის ფასებთან დაკავშირებით მთავრობაში მიმდინარეობს მსჯელობა დაზღვევის მექანიზმებზე და სხვადასხვა ტიპის ინტერვენციაზე, მაგრამ, მინისტრის შეფასებით, ის მოთხოვნა, რაც ეხებოდა გადასახადების გაუქმებას, არ არის შესაბამისი და ადეკვატური ზომა.
„ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ ასეთ საკითხებს იმისთვის, რომ ფისკალური დისციპლინა, რომელიც ქვეყანაში ჩამოყალიბდა, არ დაირღვეს, მას არ ჰქონდეს ძალიან ნეგატიური, გრძელვადიანი, პრეცედენტული სახე და ზოგადად, ამან არ იმოქმედოს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე. თუმცა, ცხადია, გვესმის ამ საკითხის მგრძნობიარობა და, რა თქმა უნდა, ეკონომიკური გუნდი მუშაობს საწვავთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებებზე, ვაკვირდებით სიტუაციას" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ლევან დავითაშვილი ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებები, ბუნებრივია, თავის ასახვას ჰპოვებს მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე მთელ მსოფლიოში.
„საქართველოც, სამწუხაროდ, ასევე „იხდის ომის გადასახადს," მათ შორის, სოციალურ-ეკონომიკური კუთხით, თუმცა, მთავრობის ამოცანაა, რომ ეს მაქსიმალურად ნაკლები იყოს. რა თქმა უნდა, იქნება პრობლემა, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ ის ნაკლები იყოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა
16-11-2024
16-11-2024