28-03-2022
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანია RakutenViber-ის აღმასრულებელ დირექტორს ოფირ ეიალს შეხვდა და მასთან საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიის საქართველოში საქმიანობის მიმართულებები განიხილა. კომპანია RakutenViber-ი, რომელიც კერძო და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის სფეროში გლობალური ლიდერია, საქართველოს ბაზარზე შემოდის და თბილისში საოპერაციო ოფისს ხსნის, რომელიც ორიენტირებული იქნება მობილური აპლიკაციების განვითარებაზე.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციების ადა ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი ავთანდილ კასრაძე.
შეხვედრაზე ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი მიესალმა გლობალური კომპანიის გადაწყვეტილებას, პროდუქტის განვითარება საქართველოდან განახორციელოს. მისი თქმით, თბილისში კომპანიის საოპერაციო ოფისის გახსნა კარგი შესაძლებლობაა ადგილობრივი აი - თი ინჟინრებისთვის, იმუშაონ ისეთ გლობალურ კომპანიაში, როგორიცაა, როგორიცაა RakutenViber-ი. გარდა ამისა, მისი თქმით, ეს ფაქტი საყურადღებო გზავნილია სხვა გლობალური ტექნოლოგიური კომპანიებისთვის საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ. მისი თქმით, ამ მასშტაბის და ცნობადობის ბრენდის საქართველოში შემოსვლა ახალი სტიმული იქნება ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური ბიზნესის განვითარებით დაინტერესებული აქტორებისთვისა და ცალკეული პირებისთვის, განსაკუთრებით, აითი - სპეციალისტებისთვის.
აღინიშნა, რომ RakutenViber-ის თბილისის გუნდი სხვა მიმართულებებთან ერთად, იმუშავებს iOS-ისა და Android-ის სისტემებზე თავსებადი პროგრამების დახვეწა-განვითარებასა და პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ამაღლებაზე.
აღსანიშნავია, რომ გლობალური კომპანია თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, რათა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭოს.
Viber ერთ-ერთი პოპულარული VoIP პლატფორმაა საქართველოში, მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ბაზით. აღსანიშნავია, რომ RakutenViber-ს, იაპონური ინტერნეტსერვისების ლიდერის, RakutenGroupInc-ის ქოლგის ქვეშ მთელ მსოფლიოში 500 თანამშრომელი ჰყავს.
კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით აქვს ოფისები აშშ - ში; დიდ ბრიტანეთში; საფრანგეთში; ისრაელში; ლუქსემბურგში; ბელარუსში; ბულგარეთში; სინგაპურში; უკრაინასა და სხვ.
16-11-2024
16-11-2024