29-03-2022
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში "IMTM 2022" მონაწილეობს.
გამოფენა ოფიციალურად დღეს ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა გახსნა.
თელ-ავივის საერთაშორისო გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 12 თანამონაწილე კომპანიასთან ერთად ერთიანი საპრომოციო სტენდით არის წარმოდგენილი. ღონისძიებაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია მონაწილეობს.
|IMTM 2022" გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი ისრაელიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზდრის მიზნით წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.
„ისრაელი საქართველოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, მზარდი ინტერესის მიხედვით ჩვენ ყოველთვის გვეზრდება ვიზიტორთა რაოდენობა ამ ქვეყნიდან. 2 წლიანი პაუზის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია ამ გამოფენაზე სწორად იყოს საქართველო პოზიციონირებული და ეს დასტურდება კერძო კომპანიების მხრიდან გამოხატული მაღალი ინტერესით“-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.
გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლაშა ჟვანია.
„თელ-ავივის საერთაშორისო გამოფენა ტრადიციულია და 28-ედ იმართება. ეს არის უმნიშვნელოვანესი გამოფენა, სადაც ქართულ კომპანიებს და მთელ საქართველოს საშუალება აქვს მოახდინოს საკუთარი თავის ბრენდინგის, როგორც ტურისტული მიმართულების. აქვე აღსანიშნავია, რომ ისრაელელი ტურისტებისთვის საქართველო მე-2 ადგილზეა მთელ მსოფლიოში, პირველ ადგილზეა საბერძნეთი, რომელიც ასამდე ახალ მიმართულებას სთავაზობს ტურისტებს, ის რომ ძალიან პატარა ქვეყანა საქართველო მეორე ადგილზეა ეს ჩვენს მიღწევებზე მეტყველებს. კოვიდ პანდემიის შემდეგ ეს პირველი გახსნაა ჩვენს რეგიონში და საქართველოსთვის და ქართული კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობაა, რომ კიდევ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ“-განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
გამოფენის სტუმრებს სტენდზე განთავსებული მონიტორის დახმარებით საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ გადაღებული ვიდეორგოლების ნახვა შეუძლიათ, სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველ ბეჭდურ საპრომოციო მასალას.
ისრაელის ტურისტული გამოფენა ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უდიდესია. “IMTM 2022"-ს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია მონაწილეობს.
ისრაელი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. ისრაელისა და საქართველოს ქალაქებს შორის რეგულარული ავიარეისები სრულდება, წლების მანძილზე ისრაელი საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორთა ტოპ ათეულში შედის.
16-11-2024
16-11-2024