20-06-2018
ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში "ფლირტის საღამო" გაიმართება. საღამო თბილისის მუზეუმების გაერთიანების სალონური შეხვედრების ციკლის ფარგლებში მოეწყობა. ინფორმაციას თბილისის მუზეუმების გაერთიანების ადმინისტრაცია ავრცელებს.
ფლირტი, ანუ ,,ყვავილების ენა” XIX საუკუნის აღმოსავლური (სპარსული) თამაშია და ევროპაში, ორი ადამიანის ჩანაწერების შედეგად მოხვდა. მათგან ერთ-ერთი ლედი მერი იყო, ბრიტანეთის ელჩის მეუღლე სტამბულში. 1717 წელს მან ფლირტი თავის წერილებში, როგორც ,,სიყვარულის საიდუმლო ენა” აღწერა.
ჩანაწერი, 1763 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა და დიდი პოპულარობა მოიპოვა. განსაკუთრებით დააინტერესა ვიქტორიანულ ინგლისისა და საფრანგეთის არისტოკრატული საზოგადოება. 1830 წელს რუსეთში გამოიცა წიგნი, რომელშიც 400-მდე ყვავილის ენა იყო აღწერილი.
“საქართველოში „ფლირტი“ ლიტერატურული სალონების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გასართობი გახლდათ და თამაშის მონაწილეს საშუალებას აძლევდა ეარშიყა“,-ნათქვამია თბილისის მუზეუმების გაერთიანების ადმნისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი „ფლირტის საღამოზე“ მისულ სტუმრებს 22 მაისს საღამოს 7 საათიდან მიიღებს.