31-03-2022
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის იეპპე კოფორდის ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და დანიის მთავრობებს შორის საგრანტო შეთანხმებას პროგრამის „ხელსაყრელი გარემოს შექმნა საქართველოში მდგრადი ენერგეტიკის განვითარებისთვის" მხარდაჭერის შესახებ.
საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
შეთანხმებაზე ხელმოწერამდე მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და დანიის სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა განახლებად ენერგეტიკასა და ენერგოეფექტურობაზე. აღინიშნა, რომ დანია ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკის ამ მიმართულებების განვითარებას, მათ შორის, როგორც გამოცდილების გაზიარების, აგრეთვე საქართველოს ბაზრით დანიური პროფილური ბიზნესის დაინტერესებით.
„ჩვენ გავაგრძელებთ დანიის სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობას განახლებადი ენერგიების, მათ შორის, მდგრადი ენერგიების განვითარების კუთხით. ამ მხრივ, დანიას დიდი გამოცდილება აქვს და ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში განახლებადი, მათ შორის, ქარის ენერგიის ეფექტიანად გამოყენების მიმართულებით," - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, განახლებადი ენერგიების განვითარება საქართველოს ძალიან დიდი პრიორიტეტია. „ჰიდროელექტროგენერაციის გარდა, რომელზეც დიდი აქცენტები საქართველოში ყოველთვის კეთდებოდა, დღეს ჩვენ განვიხილავთ ქარისა და მზის ენერგიის განვითარებასაც," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მისი თქმით, დანიას ქარის ენერგიის ზღვაში წარმოების დიდი გამოცდილება აქვს.
„ვფიქრობთ, მოხდება როგორც გამოცდილების გაზიარება და ჩვენი სამინისტროს კომპეტენციის ზრდა, ასევე სახელმწიფო ელექტროსისტემის და ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის დახმარება. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კონკრეტული ინვესტიციები, რაზეც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ დანიელი ინვესტორების დაინტერესებას საქართველოს ენერგოგენერაციით," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
გაფორმებული შეთანხმებით, დანია საქართველოს 2023 წლამდე ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების განვითარებაში 2 მლნ ევროს გრანტით დაეხმარება.
16-11-2024
16-11-2024