20-06-2018
იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, თეა წულუკიანის განცხადებით, სამინისტროების რიცხვი უნდა შემცირდეს, თუმცა კონკრეტულად იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სამინისტროების გაერთიანებაზე ლაპარაკი არ ყოფილა. მისივე თქმით, ამ საკითხზე ჯერ პარლამენტში კონსულტაციები უნდა გაიმართოს, რის შემდეგაც შესაძლოა ეს ორი უწყება მართლაც გაერთიანდეს ან ისევ ცალ-ცალკე დარჩეს.
„ინფორმაცია, რომ იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროები აუცილებლად გაერთიანდება, არ გავრცელებულა. ამასთან დაკავშირებით პარლამენტში კონსულტაციები უნდა გაიმართოს და შესაძლოა, გაერთიანდეს, შესაძლოა-არა. პრემიერობის კანდიდატმა ბრძანა, რომ თოთხმეტიდან თერთმეტამდე უნდა შემცირდეს კაბინეტში არსებული უწყებების რიცხვი. ჯერჯერობით ცნობილი მხოლოდ ესაა“- განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, პრემიერობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება, თუმცა ეს რამდენიმე კვირაში მოხდება, რადგან საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რაც შესაბამის დროსა და პროცედურებს მოითხოვს.