1-04-2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კომაროვისა და ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს უმასპინძლა და ალმატიში გამართულ საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვება პირადად მიულოცა.
როგორც მინისტრმა მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, ძალიან საამაყოა, რომ პანდემიის მიუხედავად მათ საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღეს, ასეთი მაღალი შედეგი აჩვენეს და საქართველო მსოფლიო ასპარეზზე კიდევ ერთხელ ასახელეს.
მიხეილ ჩხენკელი: „მინდა, თითოეულ თქვენგანს გულითადად მოგილოცოთ გამარჯვება და წარმატებები გისურვოთ. საერთაშორისო ასპარეზზე ასახელო საკუთარი სამშობლო – ეს მართლაც განსაკუთრებული მიღწევაა. დარწმუნებული ვარ, თქვენი შესაძლებლობებით, გამორჩეული შემართებითა და მონდომებით წინ კიდევ არაერთი გამარჯვება გელით. თქვენ ხართ საქართველოს მომავალი და თქვენი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატების საწინდარია.
მსურს, მოსწავლეების გამარჯვების საქმეში განსაკუთრებით გამოვყო მასწავლებლების უაღრესად მნიშვნელოვანი როლი, წარმატება გისურვოთ თითოეულ თქვენგანს და მადლობა გადაგიხადოთ ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელი ღვაწლისთვის, უდიდესი შრომისთვის, პასუხისმგებლობისთვისა და პროფესიონალიზმისთვის.“
შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა ოლიმპიადის გამარჯვებულებს განათლების სისტემის მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, უნივერსიტეტის დაარსება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით. როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, უნივერსიტეტის კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
მინისტრის შეფასებით, უნივერსიტეტს აქვს სწრაფად მზარდი რეიტინგი. 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილს იკავებს.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, პანდემიის მიუხედავად, უნივერსიტეტი 2020 წელს საზეიმოდ გაიხსნა და 2020-2021 სასწავლო წლიდან მიიღო პირველი სტუდენტები სამ საგანმანათლებლო პროგრამაზე – მათემატიკა, მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერება – რომლებიც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს მიდგომა შენარჩუნდება და უნივერსიტეტში ეტაპობრივად შეიქმნება აკადემიური პროგრამები უმაღლესი განათლების სამივე საფეხურისთვის კონკრეტულ სფეროში ლიდერ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.
მისი თქმით, ქუთაისში ყალიბდება რეგიონული მნიშვნელობის ჰაბი - განათლებისა და მეცნიერების მსოფლიო მნიშვნელობის აკადემიური და სამეცნიერო კერა, რომელიც ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის ძალიან დიდი ასპარეზი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ყაზახეთში, ქალაქ ალმატიში გამართულ რიგით მე-18 საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რომელიც მათემატიკის, ფიზიკისა და ინფორმატიკის მიმართულებით ჩატარდა, ქართველმა მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. საქართველოდან ოლიმპიადაში მონაწილეობა კომაროვის სკოლის, ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლისა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის 42-ე საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა დისტანციურ ფორმატში მიიღეს.
კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა 1 ოქროს, 7 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს. მიღებული შედეგით სკოლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში მსოფლიოს სკოლებს შორის ერთ-ერთი ლიდერია.
ინდივიდუალურ შეჯიბრში ოქროს მედლის მფლობელი გახდა დავით მემარნიშვილი (მათემატიკა). ვერცხლის მედლები მოიპოვეს: ნიკოლაი მალცევმა (ფიზიკა), ირაკლი უგულავამ (ფიზიკა), დაჩი ჭოტაშვილმა (ფიზიკა), ანდრია მანჯავიძემ (ფიზიკა), გიორგი ნადარეიშვილმა (ინფორმატიკა), ნიკა თამლიანმა (ინფორმატიკა), ქეთევან ციმაკურიძემ (ინფორმატიკა), ხოლო ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს ლუკა წულაიამ (მათემატიკა) და ლუკა მოსიაშვილმა (ინფორმატიკა).
ოლიმპიადაზე საპატიო სიგელით დაჯილდოვდა კომაროვის სკოლის გუნდი, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: დავით მემარნიშვილი, გიორგი კეკენაძე, თორნიკე ბერია, ირაკლი უგულავა, ანდრია მანჯავიძე, გიორგი ნადარეიშვილი, ქეთევან ციმაკურიძე.
საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქალაქ ქუთაისის 41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლიდან მოსწავლეთა შორის ვერცხლის მედალი მოიპოვა გრიგოლ ცირეკიძემ (ფიზიკა). ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი გახდნენ: მათე ჟორჟოლიანი (მათემატიკა), დურმიშხან ქართველიშვილი (ფიზიკა) და თარაშ დოლაბერიძე (ინფორმატიკა).
მათემატიკის, ფიზიკისა და ინფორმატიკის მიმართულებით საერთაშორისო ოლიმპიადა ყოველწლიურად იმართება. 2022 წელს ოლიმპიადაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 21 ქვეყნის 146 გუნდი მონაწილეობდა.
ოლიმპიადის ფარგლებში ასევე გაიმართა მასწავლებელთა და ოლიმპიელ მწვრთნელთა IV საერთაშორისო ტურნირი, სადაც კომაროვის სკოლის პედაგოგებმა სამი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს. გუნდურ შეჯიბრში კი კომაროვის სკოლის მწვრთნელების გუნდი მესამე ადგილის მფლობელი გახდა.
ოქროს მედლის მფლობელი მასწავლებლები და წრის ხელმძღვანელები არიან: ივანე კვიტაშვილი (მათემატიკა), თეიმურაზ კალატოზი (ფიზიკა) და თეიმურაზ თოლორაია (ინფორმატიკა). ვერცხლის მედლები კი მათემატიკის მასწავლებლებმა: ლერი ბანცურმა და მალხაზ ჯინჭარაძემ მოიპოვეს.
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის 41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლიდან მასწავლებელთა ტურნირში ორი პედაგოგი, გენადი მარგველაშვილი და დავით ნიშნიანიძე მონაწილეობდა. ორივე მათგანმა ვერცხლის მედლების მოპოვება შეძლეს.
მასწავლებელთა და ოლიმპიელ მწვრთნელთა ტურნირი ყაზახეთის განათლების სამინისტროსა და ალმატის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ორგანიზებით ონლაინ რეჟიმში ჩატარდა და მასში, მსოფლიოს მასშტაბით, 30-მდე სკოლის 200-ზე მეტმა პედაგოგმა და წრის ხელმძღვანელმა მიიღო მონაწილეობა.
16-11-2024
16-11-2024