20-06-2018
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ თუ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გაუქმებასთან დაკავშირებით გავრცელებული ხმები სიმართლეს შეესაბამება, ის ამ ნაბიჯის მომხრე არ იქნება.
ამის შესახებ ექსპერტმა საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესთან“ საუბარში განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ ჯერჯერობით აღნიშნული სამინისტროს გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია დადასტურებული არ არის.
თუმცა, მე პირადად ამის მომხრე არ ვიქნები თუნდაც იმიტომ, რომ ეს უწყება პრაქტიკულად ერთადერთი სახელმწიფო უწყებაა ქვეყანაში, რომლის სახელწოდებაშიც სიტყვა - ოკუპირებულია ხაზგასმული.
ჩვენ ამ სამინისტროს არსებობით მსოფლიოს ვახსენებთ, რომ საქართველოს ჰყავს დევნილები, რომ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და აქედან გამომდინარე, დევნილთა სამინისტრო ქვეყნის ხელისუფლების ხელში არის ინსტრუმენტი, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება იყოს მოზიდული.
ვფიქრობთ, თუ ამ სამინისტროს გაუქმების საკითხი მართლაც განიხილება, ეს გარკვეულწილად იქნება ნიველირება იმ პრობლემისა, რასაც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მობილიზება ჰქვია, რადგან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ უწყების არსებობა ერთგვარი პოლიტიკური მესიჯიცაა “-განაცხადა ანჯაფარიძემ.
მისივე თქმით, გარდა საგარეო პოლიტიკური დატვირთვისა, სამინისტრო ახორციელებს მთელ რიგ სოციალურ აქტივობებს იმ ათეულათასობით დევნილის მიმართ, რომლებიც დღეს სამწუხაროდ საქართველოს ჰყავს.
„როგორც ცნობილია, ყოველწლიურად დევნილებისთვის საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დახმარებების გამოყოფა ხდება და სწორედ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროა გამტარი უცხოურ ორგანიზაციებსა და დევნილებს შორის. ასე, რომ სოციალური ფაქტორი აუცილებლად გასათვალისწინებელია“-განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
ექსპერტი ასევე მიიჩნევს, რომ უწყების შესაძლო გაუქმება იმ ფონზე, როდესაც გაეროში საქართველოს შესახებ დევნილების დაბრუნებას კენჭს ყოველწლიურად უყრიან, მისასალმებელი არაა და ამ კუთხით ეს კარგი გზავნილი არ იქნება.
რაც შეეხება ზოგადად ოპტიმიზაციას, როგორც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესთან“ საუბარში ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა, ოპტიმიზაცია თავისთავად არ არის უცილობელი წინაპირობა იმისა, რომ ამა თუ იმ უწყების მუშაობის ეფექტიანობის დონე ამაღლდება.
„მე არ ვიცი რა მეთოდითაა დათვლილი რომ სამინისტროების ოპტიმიზაცია 120 მილიონი ლარის ოდენობით საბიუჯეტო სახსრების დაზოგვას გამოიწვევს, თუმცა ჩვენ საკმაოდ ბევრი მაგალითები გვახსოვს სამინისტროების შერწყმისაც და შემდეგ გაყოფისაც.
ყველაზე ახლო წარსულს თუ გადავხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ ნაჩქარევი იყო სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გაერთიანება, რადგან ამ ორ სტრუქტურას შორის პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტი არსებობს.
ასევე საინტერესოა, იგეგმება თუ არა ოპტიმიზაციის შედეგად თანამშრომელთა შემცირება და ხომ არ გამოიწვევს ეს უმუშევართა რიგების ზრდას.
ასე, რომ წინასწარი პროგნოზის გაკეთება, უპირობოდ ეფექტიანი იქნება თუ არა სამინისტროების ოპტიმიზაცია ამ ეტაპზე ნაადრევია და ამას გარკვეული დროის გასვლის შემდეგ დავინახავთ“-განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.