1-04-2022
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა სამეგრელოს რეგიონსა და დაბა აბასთუმანში ქონებების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტები გამოავლინა და დაზარალებულების უფლებების აღდგენის მიზნით, მათთვის კუთვნილი ქონებების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით, მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი უნდა გამოყოფოდა. მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას კი, ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ირიცხებოდა ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად და ისინი შესაბამისი კომპენსაციის მიღების გარეშე საკუთრებას არ თმობდნენ.
პროცესის გამარტივების და მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემისგან თავის არიდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფმა, საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადაგზავნა. აღნიშნულის საფუძველზე, 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა. მათ შორის აღმოჩნდა ადგილობრივი მცხოვრებლების მიწის ნაკვეთებიც, ისე, რომ მოსახლეობას რაიმე სახის კომპენსაცია არ მიუღია, რითაც უხეშად დაირღვა მათი საკუთრების უფლება. სახელმწიფოს საკუთრებაში უსაფუძვლოდ დარეგისტრირებულ ნაკვეთებს შორის მოექცა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულში მდებარე როლანდი გელაშვილის მიწის ნაკვეთი ფართობით 2824 კვ.მ.
რაც შეეხება დაბა აბასთუმანში არსებულ მიწის ნაკვეთს, დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სრულყოფილი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2010 წლის ბოლოს ცალკეული საჯარო მოხელეები პერიოდულად ხვდებოდნენ გენადი ენდელაძეს და მისგან ითხოვდნენ, დაბა აბასთუმანში, ასათიანის ქუჩა №1-ში მდებარე მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემას. აღსანიშნავია, რომ ხსენებული მიწის ნაკვეთი გენადი ენდელაძეს შეძენილი ჰქონდა კანონიერი გზით და არ არსებობდა მისი ჩამორთმევის რაიმე კანონიერი საფუძველი.
მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მას არ ჰქონდა სურვილი ნებაყოფლობით დაეთმო ზემოხსენებული მიწის ნაკვეთი, მის მიმართ განხორციელებული პერმანენტული ზეწოლის შედეგად და მომავალში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შესაძლო ხელოვნური პრობლემების შექმნის თავიდან ასაცილებლად, იგი იძულებული გახდა დათანხმებოდა უკანონო მოთხოვნის შესრულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2011 წლის 5 აპრილს გენადი ენდელაძემ სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დათმო, დაბა აბასთუმანში, ასათიანის ქუჩა №1-ში მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 1324 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით.
დეპარტამენტი მიმართავს სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს, რათა დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდეს ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული აღნიშნული მიწის ნაკვეთები.
რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ მათ მიმართ მიიღებს შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას.
საქმეზე პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები ასევე ეტაპობრივად დაუბრუნდებათ სხვა დაზარალებულ მოქალაქეებსაც, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურა პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას.
ასევე, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში ჩატარებული ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების შედეგად, ყოფილი მსჯავრდებულის, ავთანდილ დავითაძის მიმართ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
აღნიშნულ საქმეზე, დადგენილი და დაკითხული იქნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები. მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის ანალიზის საფუძველზე გამოირიცხა ხსენებული პირის მიერ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით ავთანდილ დავითაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332 მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რომლის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა პირობითი მსჯავრით იმავე ვადით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 100,000 ლარის ოდენობით.
გამოძიება ავთანდილ დავითაძეს ედავებოდა, რომ თბილისის ვაკე საბურთალოს რაიონის გამგებლის თანამდებობაზე მუშაობისას, მან საჯარო სამსახურის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მისაღებად, ისე, რომ არ მომხდარა დ/დიღომში, დ. თავდადებულის ქუჩა №10-ში, ნუცუბიძის ფერდობზე, მე-5 მ/რ, №10-ში და ი.ჭავჭავაძის გამზირი N37-ში მდებარე შენობაში მცხოვრებთა რეალური აღწერა და მათ მიერ ფართის დაკავებისა და გაცემის კანონიერების შემოწმება, 2004 წლის მარტიდან, ამავე წლის დეკემბრამდე პერიოდში, გამოსცა უკანონო განკარგულება და დადგენილებები, რითაც მიანიჭა უპირატესობა ზემოაღნიშნულ მისამართებზე მცხოვრებ 38 პირს, რის შედეგადაც მათზე გაიცა შესაბამისი ორდერები და გაფორმდა ბინები, რამაც საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
ახალი გამოძიების ფარგლებში დაიკითხნენ ვაკე-საბურთალოს გამგეობის თანამშრომლები და საბინაო კომისიის წევრები. აღნიშნულმა პირებმა დაადასტურეს, რომ მათ მიმართ არავის მხრიდან ზეწოლას, ან რაიმე უკანონო დაპირებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილი არ ჰქონია. საცხოვრებელი ფართების მიკუთვნება ხდებოდა ვაკე-საბურთალოს გამგეობასთან არსებული საბინაო კომისიის მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე. ამავე დროს კომისია, მისი შესაძლებლობების ფარგლებში იკვლევდა მოქალაქეების მიერ ფართების დაკავების კანონიერების საკითხს, რა დროსაც ძირითადად ხელმძღვანელობდა განათლების სამინისტროდან გადმოგზავნილი სიებით. გარდა ზემოაღნიშნულისა გამგეობის თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ გამგეობის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება ხდებოდა ხმათა უმრავლესობით, შესაბამისად ავთანდილ დავითაძე ერთპიროვნულად ვერ გადაწყვეტდა საცხოვრებელი ფართების განაწილების საკითხს.
საქმეზე აგრეთვე დაიკითხნენ ის მოქალაქეები, რომლებზეც მოხდა ბინების მიკუთვნება. მათ აჩვენეს, რომი ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ დაკავებულ ფართებში და ავთანდილ დავითაძეს და საბინაო კომისიის წევრებს საერთოდ არ იცნობდნენ, შესაბამისად არავისთან გარიგებაში არ შესულან. მათი ნაწილი დღემდე ცხოვრობს იმავე ბინებში, რაც მათ საკუთრებაში გადაეცათ ავთანდილ დავითაძის გამგებლის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში და მათი გამოსახლება არ განხორციელებულა.
ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2007 წლის 22 ივნისს, ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის დადგენილებით ბათილად იქნა ცნობილი ავთანდილ დავითაძის პერიოდში მიღებული დადგენილებები, რომელთა საფუძველზეც მოხდა ფართების მიკუთვნება ცალკეულ პირებზე. აღნიშნული დადგენილება სხვადასხვა დროს, ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრეს ა.დავითაძის მიერ გადაცემული ფართების მესაკუთრეებმა. საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებებით მოქალაქეთა სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2007 წლის 22 ივნისის დადგენილება. შესაბამისად ბინების მესაკუთრეებს, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე შეუნარჩუნდათ გაცემულ ბინებზე საკუთრების უფლება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება მსჯავრდებულის უფლებების არსებითად დარღვევის შესახებ. შესაბამისად, პროკურატურა მიმართავს სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის შუამდგომლობებით.
დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 446 პირი, რომელთაგან 317 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 59 750 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 113 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 90 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 30 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი.
16-11-2024
16-11-2024