გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ანაკლიის პორტზე: უკვე არის რამდენიმე დაინტერესებული ინვესტორი, რომელიც სახელმწიფოსთან ამაზე საუბრობს

1-04-2022

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ გავაუმჯობესოთ ის ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, რომელიც გაგვაჩნია. ეს ერთ-ერთი გამოწვევაა, რომ ჩვენ ვიყოთ კონკურენტუნარიანი. სატვირთო გადაზიდვები ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა და კონკრეტულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ძალიან მნიშვნელოვანი როლი გააჩნია," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.


„ჩვენთვის მნიშვნელოვანია არსებული პორტების მოდერნიზაცია. ეს პროცესი მიდის. სულ თვე-ნახევრის წინ ჩვენ ახალი ტერმინალის გახსნის მომსწრენი ვიყავით. ამავე დროს ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ანაკლიის ახალი, ღრმაწყლოვანი პორტის აშენება. ფაქტობრივად, ყველა პორტი, რომელიც კეთდება, გათვლილია რეალურად უფრო მეტ სიღრმეებზე, უფრო მეტი ტვირთამწეობის გემებზე," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


ვიცე-პრემიერის თქმით, ანაკლიის პროექტი საკმაოდ დიდია, კომპლექსური. „მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე ინვესტორი არის, რომელიც ინტერესს გამოტახავს და სახელმწიფოსთან ამაზე საუბრობს. ჩვენ ჩავატარეთ დეტალური კვლევა ცნობილ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიასთან, ეს არის ნიდერლანდური კომპანია MTBS, რომელმაც შეისწავლა ზოგადად საქართველოს პორტები. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საერთო სურათი დაგვენახა და აქცენტი არ გვქონოდა მხოლოდ ერთ პორტზე, ეს ერთმანეთთან იმდენად ურთიერთდაკავშირებულია, რომ სხვანაირად არ გამოვიდოდა. დღეს ეს კვლევები არსებობს, არის გარკვეული მიგნებები, ჩვენთვის არის დასკვნები გაკეთებული," - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.


ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტი განხორციელდება. „ჯერ კიდევ ომის დაწყების წინა დღეებში მივიღეთ ჩვენ კონკრეტული პროდუქტი. ამის საფუძველზე მოვამზადეთ მთელი რიგი პროგრამა, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ანაკლია. საბოლოოდ ჩვენ ამ პროექტს განვახორციელებთ," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930