4-04-2022
საქართველოს ეკონომიკის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანი ტენდენცია დაფიქსირდა, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, თებერვლის თვეში 14.6%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. შესაბამისად, იანვარი-თებერვალი ჯამში 16.3%-იანი ზრდა გვაქვს და ეს პანდემიამდელ მაჩვენებელსაც აღემატება 6.6%-ით.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემებია, რათა წელს ზრდა შენარჩუნებულ იქნას დანარჩენ თვეებშიც და დაგეგმილი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იქნას მიღწეული. ამასთან, ლევან დავითაშვილი ხაზს უსვამს, რომ დადებითი მაჩვენებლები დაფიქსირდა რამდენიმე მიმართულებით სავაჭრო ბრუნვის, ფულადი გზავნილების და ა.შ.
„ჩვენ გვქონდა განსაკუთრებით მაღალი ექსპორტი იანვარ-თებერვალში - ის 54.5%-ით გაიზარდა და 760.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ასევე მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი ფულადი გზავნილები - მან 353.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - 13%-ზე მეტით გაიზარდა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით. ეს მაჩვენებლები მიუთითებს იმას, რომ საქართველოში, მათ შორის კურსი უნდა გვქონდეს სტაბილური და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, შევინარჩუნოთ როგორც სტაბილური კურსი, ისე ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024