7-04-2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საბჭოს წევრებმა განიხილეს ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად უახლოეს პერიოდში გადასადგმელი ნაბიჯები, მათ შორის, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტები, ექსპორტის პოტენციალი, ტურიზმი და სამრეწველო-სასურსათო მარაგები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე წელს სამშენებლო-ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილში დამატებითი მოცულობის დაკონტრაქტებას, რაც ქვეყანას გრძელვადიანი შესყიდვების საშუალებას მისცემს. საუბარი შეეხო კონკრეტულ პროექტებს, რომლებიც უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
სამუშაო შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია ტურიზმის აღდგენის მიმართულებით არსებულ სიტუაციაზე. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მიმდინარე დინამიკა დამაიმედებელია, კერძოდ, 2019 წელთან შედარებით ტურიზმის 70%-იანი აღდგენა ამ ეტაპზე პროგნოზის მიხედვით მიმდინარეობს.
ითქვა, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული სიტუაციისა, ქვეყნის სამრეწველო და სასურსათო პროდუქციის მომარაგების თვალსაზრისით შეფერხება არ არის. საუბარი შეეხო ლოგისტიკურ საკითხებს, სატრანსპორტო ნაკადებსა და ტვირთნაკადებს, რომელიც საქართველოში მზარდია და კიდევ უფრო მეტ კოორდინაციას მოითხოვს.
16-11-2024
16-11-2024