13-04-2022
გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე, UNDP-ის ადმინისტრატორის თანაშემწე და UNDP-ის ევროპისა და დსთ-ის ქვეყნების რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელი მირიანა სპოლიარიჩ ეგერი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ოლომონ პავლიაშვილთან ერთად, პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ მიმდინარე ანგარიშს გაეცნო. შეხვედრა გაიმართა პროექტის ფარგლებში განხორციელებული სასკოლო კონკურსის - „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ გამარჯვებულ სკოლის მოსწავლეებთანაც. სოფელ წინანდლის საჯარო სკოლაში, ახალგაზრდებმა შემეცნებითი ინიციატივები წარადგინეს, რომელიც კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და გარემოს დაცვითი განათლების ხელშეწყობას ემსახურება. მირიანა სპოლიარიჩმა და სოლომონ პავლიაშვილმა მდ. ხოდაშნის ხევზე და მდ. თელავის ხევზე მიმდინარე ნაპირსამაგრი და გაწმენდითი სამუშაოებიც დაათვალიერეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე ჩამობრძანდა და ადგილზე გაეცნო სამუშაოებს, რომელიც მიმდინარეობს ხოდაშნის ხევსა და თელავის ხევზე. ეს არის პრევენცია, რომელიც შეაფერხებს წყალდიდობებს, რომელმაც შესაძლებელია დიდი ზიანი მოუტანოს რეგიონს. წინანდლის სკოლაში ვნახეთ რამდენად მაღალია ინტერესი ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით და ადგილზე გავეცანით განხორციელებულ სამუშაოებს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
„გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უკვე 30 წელია, რაც საქართველოსთან თანამშრომლობს, რითაც ძალიან ვამაყობთ. ჩვენ გავაგრძელებთ მთავრობის მხარდაჭერას ევროინტეგრაციისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის. ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციისთვი სმნიშვნელოვანია ინსტიტუტების გაძლიერება, გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საკითხებზე ყურადღების გამახვილება“, - განაცხადა მირიანა სპოლიარიჩ ეგერმა.
პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება და კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციასა და კატასტროფების რისკის შემცირებას ემსახურება. პროგრამის ფინანსური მხარდამჭერები არიან კლიმატის მწვანე ფონდი და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობები. პროგრამის ფარგლებში, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის თანამედროვე მექანიზმები, მათ შორის, ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებისა და ადრეული შეტყობინების სისტემები უნდა დაინერგოს. ძირითადი სამუშაოები განხორციელდება საქართველოს 11 დიდი მდინარის აუზებში, სადაც კატასტროფების რისკი განსაკუთრებით მაღალია. გარდა ამისა, გაიზრდება კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი დანიელ მევლი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი და გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელი თამარა ლადაშვილი.
16-11-2024
16-11-2024