13-04-2022
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ბოლნისში, ადგილობრივი მევენახე-მეღვინეების პირველ ფორუმს დაესწრო, რომელიც მეღვინეთა გაერთიანების „ღვინობოლნისი“ ორგანიზებით დაბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის და კომპანიის „არემჯი“ მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ ვაჭარაძემ მიიღეს.
მინისტრის მოადგილემ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და იმ ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელსაც სახელმწიფო მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისა და ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ახორციელებს.
„იმედი მაქვს, რომ ბოლნისური ღვინოები პოპულარული გახდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე. სახელმწიფო ბევრ პროგრამას ახორციელებს მეღვინეობა-მევენახეობის დარგის განვითარების მხარდასაჭერად. ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა ბაზრების დივერსიფიკაციაა, რაზეც სახელმწიფო, ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან ერთად, ბევრს მუშაობს“, - აღნიშნა იური ნოზაძემ.
ფორუმზე, „ღვინო ბოლნისის“ დამფუძნებელმა, გურამ ავქოფაშვილმა ორგანიზაციის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, ადგილობრივი ღვინის 43 მარანი წელიწადში 200 ათასამდე ბოთლ ღვინოს აწარმოებს.
„უკანასკნელ წლებში გაიზარდა ადგილობრივი მარნების რაოდენობა, ამასთან ერთად, გაუმჯობესდა ღვინის ხარისხი. მარტის თვეში, პოლონეთში, ქალაქ კატოვიცაში გავმართეთ ბოლნის ურიღვინოების გამოფენა-დეგუსტაცია, სადაც 25 მცირე ტიპის ბოლნისური მარნის 70-მდე სახეობის ღვინო იყო წარმოდგენილი. ღონისძიება წარმატებული აღმოჩნდა - ჩვენი ღვინოების შეძენის სურვილი გამოითქვა იმპორტიორების მხრიდან. წელს პირველად განვახორციელებთ ექსპორტს პოლონეთის ბაზარზე“, - აღნიშნა გურამ ავქოფაშვილმა.
ფორუმის მონაწილე იმ მეღვინეებმა, რომლებიც ამ დრომდე არ არიან გაერთიანების „ღვინო ბოლნისი“ წევრები, ინფორმაცია მიიღეს იმმხარდაჭერის შესახებ, რომელიც თითოეულ მეღვინეს შეუძლია მიიღოს გაერთიანების წევრობის შემთხვევაში. ფორუმზე გამოვლინდა 16 მეღვინე, რომლებსაც საუკეთესო ღვინოების წარმოებისთვის, უმაღლესი ხარისხის მუხის კასრები გადაეცათ.
კომპანიის „არემჯი“ წარმომადგენლების ინფორმაციით, მიმდინარეობს ქართულ-გერმანული ღვინის სახლის რესტავრაცია-რეაბილიტაცია, რომელსაც „არემჯის“ მხარდაჭერით, სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის კავშირი ახორციელებს. სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდება. ეს იქნება ადგილი, სადაც ქალაქში ჩამოსული სტუმრები საუკეთესო ბოლნისურ ღვინოებს გაეცნობიან.
2018 წლიდან, მეღვინეთა გაერთიანების „ღვინო ბოლნისი“, ბოლნისის მუნიციპალიტეტის და კომპანიის „არემჯი“ მხარდაჭერით, არაერთი საინტერესო და სასარგებლო პროექტი განხორციელდა. თანამშრომლობის შედეგად, ბოლნისური მარნები აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენა-კონკურსებში, საგანმანათლებლო კურსებსა და სემინარებში, იღებენ მარკეტინგულ მხარდაჭერას, რათა ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ბოლნისური ღვინოები შესთავაზონ.
16-11-2024
16-11-2024