საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, სამინისტროების გაერთიანებისას ყველა სტრუქტურის სპეციფიკა იქნება გათვალისწინებული.
მისივე თქმით, ახალი მინისტრები პროფესიული წრეებიდან წამოსული ადამიანები იქნებიან, რომელთაც შესაბამისი გამოცდილება აქვთ.
„საქართველოს ეკონომიკის ზომიდან გამომდინარე, ჩვენ არ გვჭირდება 11 სამინისტროზე მეტი. მიმდინარეობს კოსულტაციები და უახლოეს მომავალში თქვენ იხილავთ, თუ რა ინიციატივებია იმ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, რომელზეც ვსაუბრობ.
რაც შეეხება საკადრო შემადგენლობას, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და გვაქვს მიღებული თანხმობები ძალიან საინტერესო კანდიდატებიდან. საუბარია პროფესიული წრეებიდან წამოსულ ადამიანებზე, რომელთაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება და კვალიფიკაცია. ბუნებრივია, გაერთიანებები იქნება ორგანული. გათვალისწინებული იქნება ყველა სამინისტროს სპეციფიკა, რათა საბოლოოდ ჩვენ მივიღოთ უფრო გამართული სტრუქტურები და ერთეული, რომელიც ხელს შეუწყობს მნიშვნელოვან მომენტებს, როგორიცაა ეფექტურობა, მოქნილობა და ოპერატიულობა. ჩვენ გვჭირდება ოპერატიულობა გადაწყვეტილების მიღებიდან იმ მომენტამდე, როდესაც ამ გადაწყვეტილების თამდევი სიკეთე მიდის მოქალაქემდე“- განაცხადა ბახტაძემ.