14-04-2022
საქართველოში ვიზიტით ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის (USAREUR-AF) მეთაურის სპეციალური ასისტენტი იმყოფება. გენერალ-მაიორ ჯოზეფ ჯერარდს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა უმასპინძლა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ამერიკელ გენერალს საქართველოში კიდევ ერთი ვიზიტისა და პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარების პროცესში შეტანილი პირადი ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.
თავდაცვის ძალების მეთაურმა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ნაყოფიერი მჭიდრო თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა. მან გენერალ-მაიორ ჯოზეფ ჯერარდს საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით, აშშ-ის არმიის ჩართულობითა და მხარდაჭერით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო და თანამშრომლობის მზარდი დინამიკის გაგრძელების იმედი გამოთქვა.
მხარეებმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები მიმოიხილეს. გენერლებმა უკრაინაში განვითარებული პროცესები, რუსეთის სამხედრო აგრესია დაგმეს და უკრაინელი ხალხის, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.
16-11-2024
16-11-2024