14-04-2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, კლიმატური ცვლილებების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამინდისა და მოსალოდნელი სტიქიური პროცესების პროგნოზირებას.
„ამ მიმართულებით ჩვენ უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, სახელმწიფოსა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ჩვენ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, განვათავსეთ 2 მეტეოროლოგიური რადარი, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით გვექნება 300-მდე მეტეოროლოგიური სადგური, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამინდის პროგნოზის ხარისხს, მოსალოდნელი სტიქიური პროცესების პროგნოზირებას და ასევე მიაწვდის უფრო ზუსტ და მაღალი ხარისხის ინფორმაციას ჩვენ მოქალაქეებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
ამასთან, მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით, მიწისქვეშა და ზედაპირული წყლის ხარისხზე დაკვირვების ქსელი ყოველწლიურად ფართოვდება.
„ჩვენ დავიწყეთ წყლის ხარისხზე და რაოდენობაზე დაკვირვების ქსელის აღდგენა. ყოველწლიურად ფართოვდება მონიტორინგის ქსელი, მაგრამ არსებული მონიტორინგი არ არის საკმარისი საქართველოს წყლის ობიექტების მდგომარეობის სრულყოფილად შესაფასებლად. მეტი კონკრეტიკისთვის, 10 წლის წინ 28 წერტილში ხდებოდა ზედაპირულ წყლებზე მონიტორინგი, დღეს უკვე - 231 ასეთ ადგილას მიმდინარეობს დაკვირვება, საერთოდ არ არსებობდა მიწისქვეშა წყლებზე დაკვირვების სისტემა; დღეის მდგომარეობით, 66 წერტილში ხდება დაკვირვება“, - განაცხადა შამუგიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 2,5 მილიონი ლარი გამოიყო წყლის რაოდენობაზე დაკვირვების ქსელის აღსადგენად, რის შედეგადაც, მოეწყობა წყლის დონეზე დაკვირვების დამატებითი სადგურები. სისტემური ნაბიჯების გადადგმა, სახელმწიფოს საშუალებას მისცემს, პრაქტიკაში ეფექტიანად დაინერგოს წყლის სააუზო მართვის სისტემა და შექმნას წყლის რაციონალური გამოყენების მექანიზმები.
16-11-2024
16-11-2024