20-04-2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებს ქალაქ რუსთავის საწარმოების მიერ ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის შედეგები გააცნო.
ნინო თანდილაშვილის განმარტებით, ქ. რუსთავის საწარმოების მონიტორინგის ფარგლებში, რუსთავში მოქმედი ოთხი მსხვილი საწარმო შემოწმდა. საწარმოების მონიტორინგის პროცესი, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, პარლამენტთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად დაიწყო, უმნიშვნელოვანესია საწარმოების პასუხისმგებლობის გაზრდის და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით.
მსხვილი საწარმოების მონიტორინგის კამპანიის მიზანია, საწარმოებმა რაც შეიძლება მოკლე დროში მოახდინონ ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებების დროული და ეფექტიანი შესრულება.
„მონიტორინგის პროცესი იყო საკმაოდ ეფექტიანი. შესაძლებლობა გვქონდა, ადგილზე გავცნობოდით საწარმოებში არსებულ ვითარებას. გავეცანით იმ მიმდინარე პროცესებსაც, რასაც კომპანიები ახორციელებენ, რათა, ერთი მხრივ, განთავსდეს თვითმონიტორინგის სისტემები, რომელთა საშუალებითაც სამინისტრო შეძლებს საწარმოებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული ნივთიერებების მონიტორინგს და, მეორე მხრივ, მოხდეს საწარმოების სრული ტექნიკური გადაიარაღება, ფილტრებისა და გამწოვი სისტემების დამონტაჟება და ეფექტიანი ფუნქციონირება. მონიტორინგის პროცესს გავაგრძელებთ, რადგან ახალი სტანდარტების აღსრულება არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგი დავინახოთ ქალაქ რუსთავში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით და საწარმოების პასუხისმგებლობაც გაიზარდოს. ხაზგასმით აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, ბევრმა კომპანიამ ჩაატარა ინსტრუმენტული მონიტორინგი და დაადგინა, რომ მათ მიერ სამინისტროში წარმოდგენილი და სამინისტროს მიერ შეთანხმებული გაფრქვევის ნორმები არ იყო შესაბამისობაში ფაქტობრივ მდგომარეობასთან, ამიტომ კომპანიებმა დაიწყეს გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის შესაბამისობაში მოყვანა და ახალი ნორმების შემუშავება“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, მონიტორინგის პარალელურად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მსხვილი საწარმოების კომპლექსურ შემოწმებას გეგმის მიხედვით ახორციელებს და გამოვლენილ თითოეულ სამართალდარღვევაზე, შესაბამის რეაგირებას ახდენს.
კომიტეტის სხდომას რუსთავის მერი, ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი, სამოქალაქო აქტივისტები, ასევე რუსთავის საწარმოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
16-11-2024
16-11-2024