26-04-2022
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ვირტუალურ ფორმატში, მონაწილეობა მიიღო კავკასიისა და ცენტრალური აზიის ფინანსთა მინისტრთა და ცენტრალური ბანკების მმართველთა დისკუსიაში, რომელიც გახსნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ.
დისკუსია, რომლის მოდერატორი იყო სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ჯიჰად აზური, მიეძღვნა ომს უკრაინაში, რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს და შექმნილი ვითარების გავლენას კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკებზე. მაღალი დონის დისკუსიაში, ასევე, მონაწილეობა მიიღო ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.
თავის სიტყვაში, ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სრული მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. საუბარი შეეხო საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ მხარდაჭერას და დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების საკითხებს.
საომარი მოქმედებების გავლენაზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ განიხილება სხვადასხვა სცენარი, თუმცა ამ გამოწვევების მიუხედავად, საქართველო გააგრძელებს რეფორმების დღის წესრიგს. მინისტრმა, განსაკუთრებით, ხაზი გაუსვა სსფ-სთან ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ იგი ხელს შეუწყობს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას.
16-11-2024
16-11-2024