23-06-2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს, ასევე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1959 წელს დაბადებული ვ.ე. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „დარიალის“ ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც რუსეთის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.ე.-მ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში უკანონოდ შეიძინა 1991 წელს დაბადებული შ.დ.-ს სახელზე რეგისტრირებული „გლოკ-17“-ის მოდელის პისტოლეტი, რომელიც თავისი კუთვნილი ავტომანქანით რუსეთის ფედერაციაში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით გადაჰქონდა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, მის მიერ უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა- გადაზიდვის ფაქტზე, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღების მომზადების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის წესის დარღვევით გადატანის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, 18-236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 19-214-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.