23-06-2018
საქართველოში სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ახალი სტანდარტების შესაბამისად, 2018 წლის იანვრიდან მოქმედებს. ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სრულად ამოქმედებისათვის დაწესდა გარკვეული გარდამავალი პერიოდი და პროცესი 2 წელზე გადანაწილდა.
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, 2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, უკვე ამოქმედდა საქართველოში რეგისტრირებული სატვირთო და 8 ადგილზე მეტი (მძღოლის გარდა) დასაჯდომი ადგილის მქონე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის (M2, M3, N2, N3 კატეგორიები) და ასევე მათი მისაბმელებისთვის (O3, O4 კატეგორია).
დარჩენილი კატეგორიის ავტომობილებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ამოქმედდება შემდეგი თანმიმდევრობით:
ინფორმაცია იმის შესახებ, აქვს თუ არა კონკრეტულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას გავლილი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს შეიტყოს ცხელ ხაზზე 1484 დარეკვით. მან ოპერატორს უდნა მიაწოდოს კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, რომელიც სპეციალურ მონაცემთა ბაზაში გადამოწმდება. შედეგად, მოქალაქე მიიღებს ინფორმაციას აქვს თუ არა გავლილი კონკრეტულ ავტომობილს ტექნიკური ინსპექტირება.
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად ახორციელებს. რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკონსულტაციო მომსახურებას შვეიცარული საკონსულტაციო კომპანია „SGS - Societe Generale de Surveillance SA“ უწევს.
ინსპექტირების გავლას საქართველოში რეგისტრირებული (ქართული ნომრების მქონე) ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება. აღნიშნული რეფორმა შესაბამისობაშია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან, რომლის მიხედვით, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად განისაზღვრა ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთიანი ორგანიზაციულ-ტექნიკური და ნორმატიული ბაზა.