28-04-2022
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე მისკანტუსის საქართველოში გამოცდას იწყებს.
ცენტრმა ჰოლანდიური კომპანიისგან „CIBA”, თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მისკანტუსის სარგავი მასალა საჩუქრად მიიღო.
მისკანტუსის კულტურის მნიშვნელობის და საქართველოში გაშენების საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ კომპანიის „CIBA” დირექტორ ჰერბერტ ჰაბნიტთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. მხარეებმა ახალი კულტურის გაშენებაზე, მის რენტაბელურობაზე და კერძო სექტორის მხრიდან დაინტერესებაზე ისაუბრეს.
„მისკანტუსი საქართველოსთვის ახალი, კულტურაა, ამიტომ ჩვენთვის საინტერესოა ამ მიმართულებით თანამშრომლობა და ჰოლანდიის, როგორც სოფლის მეურნეობის მიმართულებით განვითარებული ქვეყანის გამოცდილების გაზიარება. მისკანტუს გააჩნია გარემოზე პოზიტიური ზემოქმედების უნარი და მისი გამოყენების არეალი მრავალმხრივია“,- აღნიშნა იური ნოზაძემ.
თანამშრომლობის მემორნადუმის ფარგლებში მოხდება მწირი და მიტოვებული მიწების იდენტიფიცირება, რათა მისკანტუსის კულტივირებამ ხელი არ შეუშალოს არსებულ სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებას. დადგინდება, არის თუ არა მისკანტუსის მაღალი ბიომაისის მქონე ნათესი ეკონომიკურად და ეკოლოგიურად სასარგებლო ენერგიის საწარმოებელი ნედლეული და სხვადასხვა მიმართულებით გამოყენებადი საინტერესო ახალი პროდუქტი ქართული ბაზრისთვის.
„ყველა ფიქრობს გარემოს დაბინძურების პრობლემის გადაჭრის გზებზე, მათ შორის, ავიაციაში საწვავის ბიოსაწვავით ჩანაცვლებაზე. მისკანტუსს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს, რადგან მცენარის ენერგეტიკული ღირებულება ძალიან მაღალია. მწვანე მიდგომა დაგვეხმარება, მცენარეების მეშვეობით, ბიოსაწვავის მიღებაში. საწვავის მიღების გარდა, მას ალტერნატიული მოხმარებაც გააჩნია, როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე მშენებლობაში“, - განაცხადა CIBA-ს დირექტორმა.
გიგანტური მისკანტუსი არის ბალახოვანი მცენარე, რომელსაც გრილ კლიმატურ ზონაშიც შეუძლია დიდი რაოდენობით ბიომასის წარმოება. ენერგეტიკული პოტენციალის გარდა, იგი გამოიყენება მეცხოველეობაში, როგორც საკვები ინგრედიენტი და საფენი სადგომებისთვის; ნედლეული ქაღალდის, მუყაოს და სამშენებლო მასალების წარმოებისათვის. მისკანტუსის ეკოლოგიური უპირატესობებია ატმოსფეროდან ნახშირბადის დიდი რაოდენობის შთანთქმის უნარი და გამოფრქვევის შემცირება; მისკანტუსი არ საჭიროებს ფიტოსანიტარული ღონისძიებების გატარებას და სასუქების გამოყენებას.
კომპანია „CIBA“მისკანტუსის კვლევასა და მოსავლის კულტივირებაზე ჰოლანდიის ვაგენინგენის და სხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობს. იგი ეძებს მოსავლის გამოყენების თანამედროვე გზებს ყველა სხვა სახის მიზნებისთვის -პლასტმასის ჩანაცვლება, სამშენებლო მასალები, შეფუთვის ინდუსტრია და სხვ. ესპანეთში, ფერმერებთან თანამშრომლობით, CIBA-მ დაიწყო მისკანტუსის დამუშავება 800 ჰექტარ მიწაზე, სამომავლოდ, ბიოსაწვავის მისაღებად.
16-11-2024
16-11-2024