23-06-2018
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია და 13 სამინისტროს ნაცვლად 10 სამინისტრო დარცება, 14 მინისტრის მაგივრად კი 11 მინისტრი.
“ჩვენ გვქონდა ზოგადად დისკუსია და ეს არ იყო დისკუსია სახელმწიფო მდივანზე ან რაიმე კონკრეტულ თანამდებობაზე, აქ არ არის საუბარი ზოგადად რაიმე რგოლის დამატებაზე. საუბარია იმაზე, რომ მსხვილი სამინისტროების პირობებში ხომ არ არის მიზანშეწონილი მეორე დონის, ეს არის დაახლოებით მინისტრის მოადგილის დონე, გამოკვეთა და მათთვის კონკრეტული, ასე ვთქვათ, მიმართულებების განსაზღვრა. ეს იყო ზოგადი ინიციატივა, რომელზეც, რა თქმა უნდა, მსჯელობა გრძელდება.
კიდევ ერთხელ, ჩვენ ვრჩებით იმ სტრუქტურაში, რომელიც არის დღეს წარმოდგენილი მთავრობაში. რაიმე მოდიფიკაცია თუ განხორციელდება ამაზე გუნდი იმსჯელებს.
რაიმე დამატებითი რგოლის გაჩენაზე მთავრობის სტურუქტურაში საუბარი არ არის. საუბარია 14 მინისტრის მაგივრად 11 მინისტრის არსებობაზე მთავრობაში, 13 სამინისტროს მაგივრად კი იქნება 10 სამინისტრო. ეს არის ამ ეტაპზე შედეგი ჩვენი კოსულტაციებისა. კონსულტანციები გრძელდება და საბოლოოდ, მე ვფიქრობ, ორ დღეში უკვე გამოიკვეთება გუნდში პოზიცია რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. დღეს გვექნება ჩვენ კონსულტაციები უმრავლესობა-მთავრობის ფორმატში, პრემიერი შეხვდება უმრავლესობას გაფართოებულ ფორმატში და ვფიქრობ, რომ დღეს ან ხვალ უკვე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ჩამოყალიბებული უმრავლესობაში მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერთან უმრავლესობის საკონსულტაციო შეხვედრა დღეს 19:00 საათზე შედგება.