29-04-2022
მიმდინარე წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 688.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-13 960) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-25 966).
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 59.7 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, ქ. თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს.
2022 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.8 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 63.7 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 15.5 პროცენტს.
საქსტატის ცნობითვე, კაცების რიცხოვნობამ 1 770.0 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 918.7 ათასი. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 30 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 30 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.
წინა წელთან შედარებით, 2021 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2.0 ერთეულით შემცირდა და 71.4 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 67.5 წელი, ხოლო ქალებისათვის – 75.4 წელი
2021 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 99 974 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 34.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 17.8 პროცენტით შემცირდა და 74 008 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 82.5 პროცენტი და ემიგრანტების 88.6 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.
16-11-2024
16-11-2024