გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ ე.წ. "ქოლ-ცენტრების" მეშვეობით თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ჩართული 9 პირი გამოავლინა

2-05-2022

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ე.წ. "ქოლ-ცენტრების" მეშვეობით თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ჩართული 9 პირი გამოავლინა. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი 7 ფიზიკური და 2 იურიდიული პირის მიმართ.
საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი საქმიანობის პერიოდში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და მოახდინეს დანაშაულებრივი გზით მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.


დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დაფუძნებული საწარმოების ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. "ქოლ-ცენტრი". დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ.


ე.წ. "ქოლ-ცენტრის" თანამშრომლები, უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.
ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით სოლიდური მოგების მიღებას შეძლებდნენ. მომხმარებლისგან თანხმობის მიღების შემდგომ, მათგან გამოყოფილი თანხების განთავსება ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე და მათი ნაწილი, ფიქტიური დანიშნულებით, ირიცხებოდა საქართველში, მათივე კომპანიების ანგარიშებზე.


ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა თაღლითობისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისთვის დაიწყო, რაც სასჯელის ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


იურიდიული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.


საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში, ანალოგიურ ფაქტზე ამ ეტაპისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი 24 ფიზიკური და 2 იურიდიული პირის მიმართ, ხოლო 1 პირის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.


როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, გარდა საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისა, სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ქსელის - ევროჯასტის მხარდაჭერით, საქართველოს მონაწილეობით შექმნილი ერთობლივი საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, სისხლისსამართლებრივი დევნა ასევე დაწყებულია ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა, მათ შორის, დანაშაულის ორგანიზატორთა მიმართაც.


საქმეზე გრძელდება ინტენსიური გამოძიება და საერთაშორისო თანამშრომლობა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2022    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031