2-05-2022
ტელეკომპანია „ტვ პირველი“ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაციასა და სახელის შელახვას ტყუილითა და მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებით აგრძელებს - ამის შესახებ ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"ამჯერად საუბარია „ტვ პირველის“ საინფორმაციო ეთერში გასულ სიუჟეტზე, რომელიც ცესკოს მიერ ავტომანქანების შეძენას შეეხება და მთლიანად სიცრუეზეა აგებული. სიუჟეტის მიზანია ცესკოს, როგორც სანდო და დამოუკიდებელი ინსტიტუციის, დისკრედიტაცია და კვლავაც კომისიის სახელის მმართველ პარტიასთან ასოცირების მცდელობა.
ტყუილი პირველი -სიუჟეტის ავტორის თქმით, ახალი ავტომობილი ცესკომ თავმჯდომარისთვის შეიძინა. რაც არის სიცრუე, გიორგი კალანდარიშვილისთვის კომისიას ახალი ავტომობილი არ შეუძენია.
ტყუილი მეორე - როგორც ჟურნალისტი სიუჟეტში ამბობს, არჩევნების შემდეგ „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ტენდერები მიყოლებით გამოაცხადა და 939 ავტომობილი შეისყიდა“ - სინამდვილეში ცესკო ამ რაოდენობის მანქანებს მაშინაც კი ვერ შეიძენდა, თუნდაც ყველა თანამშრომლისთვის რომ ინდივიდუალურად შეეძინა, რადგან ცესკოს აპარატში ამ ეტაპზე მხოლოდ 216 პირი მუშაობს.სიმართლე კი ის არის, რომ ცესკომ, ტენდერის გზით, 2021 წელს შეიძინა 12 ავტომანქანა (რადგან სწორედ 2021 წელს გაიზარდა ცესკოში პარტიების მიერ დანიშნულ წევრთა რაოდენობა), 2022-ში კი 3. დღეის მდგომარეობით ცესკოს ბალანსზე ირიცხება 25 სატრანსპორტო საშუალება.
ტყუილი მესამე - ჟურნალისტი ამბობს, რომ შეძენილი მანქანებიდან„ოპერატიული მხოლოდ 114 მანქანაა, რომლის ჯამური ღირებულება 800 მილიონ ლარს აჭარბებს“. ჩვენთვის გაუგებარია რას გულისხმობს ჟურნალისტი ოპერატიულ მანქანებში, ცესკოს ასეთი დანიშნულების ავტომობილები არ ჰყავს. შესაბამისად, გაუგებარია რა 800 მლნ ლარზეა საუბარი.
ტყუილი მეოთხე - ჟურნალისტი ამბობს, რომ ცესკომ „155 მანქანა შეიძინა 51 მუნიციპალიტეტისთვის“. სიმართლე კი მხოლოდ ის არის, რომ ცესკოს მუნიციპალიტეტებისთვის მანქანები არასოდეს შეუძენია და ვერც შეიძენდა, რადგან თუ ლაპარაკია მუნიციპალიტეტის მართვის ორგანოებზე, ცესკოს მათთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ტყუილი მეხუთე - სიუჟეტის ავტორის თქმით, „მხოლოდ 2021 წელს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიუჯეტიდან 142 მილიონი ლარი მანქანებში დახარჯა“, რაც არის სიცრუე. 2021 წელს ცესკოს მთლიანი ბიუჯეტიც კი არ იყო 142 მლნ ლარი.2021 წელს ცესკოს ბიუჯეტი იყო 82.9 მილიონი ლარი, რაც, მათ შორის მოიცავდა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების როგორც პირველი, ისე მეორე ტურის ხარჯებს, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას და ცესკოს სწავლების ცენტრის ბიუჯეტს.
ამასთან, ჟურნალისტი ცდილობს ზემოხსენებული ტყუილები გაამყაროს კიდევ ერთი მანიპულაციური გზით და იმოწმებს რესპონდენტის კომენტარს, თუმცა აღსანიშნავია, რომ უშუალოდ კომენტარში ცესკო საერთოდ არ არის ნახსენები.
ინფორმაცია ცესკოს მიერ ავტომობილების შესყიდვის შესახებ არის ღია, საჯარო და ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი.რაც შეეხება უშუალოდ იმ სამი ავტომობილის შესყიდვას, რომლის შესახებაც ჟურნალისტმა ცესკოდან ინფორმაცია მოითხოვა,კიდევ ერთხელ განვმარტავთ, ახალი ავტომანქანების შესყიდვა გახდა საჭირო ვინაიდან, ძველი მანქანები წლოვანებიდან და ექსპლუატაციის ვადებიდან გამომდინარე ხშირად საჭიროებდა ტექმომსახურებას და სათადარიგო ნაწილების შეცვლას. გაზრდილი იყო მათი ექსპლუატაციის ხარჯებიც.სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტის რაციონალურად ხარჯვის პრინციპებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება ძველი ავტომანქანების ნაცვლად ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ელექტრონული ტენდერით შესყიდვის შესახებ.
ახალი მანქანები სწორედ ელექტრონული ტენდერით შესყიდულია - შპს "კია საქართველოდან“. ჟურნალისტი ამ მიმართულებითაც ცდილობს საზოგადოებას ეს ინფორმაცია დამახინჯებულად და მანიპულაციურად მიაწოდოს და ამბობს, რომ ცესკომ განსაკუთრებული მონაცემების ავტომობილები შეიძინა და იყენებს შემდეგ შეფასებებს:
სინამდვილეში კი ცესკომ ტენდერის გზით შეიძინა სამი ავტომობილი KIA K5 საბაზო კომპლექტაციით.
სიუჟეტში ასევე გაუგებარი, ცრუ და მანიპულაციურია ლევან ხაბეიშვილის (პარლამენტის ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ წევრი)კომენტარიც, რომელიც უსაფუძვლოდ აპელირებს ცესკოს მიერ თითქოსდა არამიზნობრივად გაწეულ ხარჯებზე.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მხრიდან ეს არ არის მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელების პირველი შემთხვევა, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გასულ დეზინფორმაციულ რეპორტაჟებთან დაკავშირებით ცესკომ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“ სამჯერ მიმართა; სამივე შემთხვევაში ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ტელეკომპანიის ეთერში გასულ რეპორტაჟებში დარღვეული იყო ინფორმაციის სიზუსტის პრინციპები. იხილეთ ბმულები:
https://www.qartia.ge/ka/gadatsyvetilebebis-dzebna/article/88871-2021-07-26-15-45-30
ჩვენ მოვუწოდებთ დაინტერესებულ მხარეებს არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში უსაფუძვლო ვარაუდებით. საარჩევნო ადმინისტრაცია მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოებისთვის ზუსტი და სწორი ინფორმაციის მიწოდებას ინსტიტუციის საქმიანობასთან დაკავშირებით და ექნება შესაბამისი რეაგირება ნებისმიერ სიცრუესა თუ არასწორ ინფორმაციასთან მიმართებაში.
მოვუწოდებთ ტელეკომპანია „ტვ პირველს“ შეწყვიტოს ცესკოს მიმართ მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც ორიენტირებულია საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისკენ და შეჰყავს შეცდომაში საზოგადოება. ამასთან მოვუწოდებთ ტელეკომპანიას, საინფორმაციო გადაცემა „პირველების“ საღამოს ეთერში უარყოს პირველ მაისს გავრცელებული ცრუ ინფორმაცია.
ცენტრალური საარჩევნო კომისია თავის მხრივ, შესაბამისი რეაგირებისთვის მიმართავს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას სამოქალაქო სექტორს" - ნათქვამია განცხადებაში.
16-11-2024
16-11-2024