გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს მილოშ ვისტრჩილს შეხვდა

3-05-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს მილოშ ვისტრჩილს შეხვდა.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოების აქტიურ ურთიერთობებზე.


ასევე, საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს, მათ შორის, სექტორული მიმართულებით. პრემიერ-მინისტრის თქმით, მისასალმებელია, რომ სენატის პრეზიდენტის ვიზიტის პარალელურად, თბილისში იმართება ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომა, რომელიც განსაზღვრავს საქართველო-ჩეხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამომავლო დღის წესრიგს. აქვე მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ჩეხეთის მიერ დაფინანსებული პროექტები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშესაწყობად.



მილოშ ვისტრჩილმა მთავრობის მეთაურს დაუდასტურა ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მიესალმება ევროკავშირის საბჭოში ჩეხეთის მომავალ თავმჯდომარეობას და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შემდეგ ახალი რეალობის გათვალისწინებით, ჩეხეთი, მათ შორის თავმჯდომარეობის პერიოდში, მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ამ პროცესის წინსვლას ევროკავშირში. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დემოკრატიის კონსოლიდაცია, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ დღის წესრიგში მთავარ პრიორიტეტებად რჩება.


შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და მადრიდის მომავალ სამიტს.

საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. აღინიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.


მთავრობის მეთაურმა ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია.



შეხვედრას ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის განათლების, მეცნიერების, კულტურის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და პეტიციების კომიტეტის თავმჯდომარე ირჟი დრაჰოში, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ევროკავშირის საკითხების კომიტეტის წევრი ზდენეკ ნიტრა, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ვაცლავ ლასკა, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე ირჟი ჩუნეკი, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე ირჟი დუშეკი, ხოლო საქართველოს მხრიდან - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში მარიამ რაქვიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930