3-05-2022
საქართველოს პროკურატურასა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს შორის გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში, აშშ-ს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ლიბანის რესპუბლიკის ორი მოქალაქის საქართველოდან ამერიკაში ექსტრადიცია განხორციელდა.
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის განმახორციელებელი ლიბანური ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ამავე ორგანიზაციის წევრი, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში ნარკოტიკული საშუალებების ვაჭრობით მიღებული დიდი ოდენობით შემოსავლების შეგროვებას, ლეგალიზაციას და სამოქალაქო ბრუნვაში მიქცევას ახორციელებდნენ, ხოლო გაწეული მომსახურებისთვის გარკვეული ოდენობის შემოსავალს იღებდნენ.
ძებნილი ლიბანის მოქალაქეები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2021 წლის 25 სექტემბერს დააკავეს.
საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აშშ-ში ექსტრადიცია დასაშვებად ცნო როგორც თბილისის საქალაქო სასამართლომ, ისე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ.
საქართველოს პროკურატურა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს პარტნიორ ქვეყნებთან ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით.
16-11-2024
16-11-2024