7-05-2022
ეკოლიდერთა სკოლაში 2022 წლის სასწავლო კურსი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ეკოლიდერთა სკოლაში სასწავლო კურსი ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა გახსნა.
„ეკოლიდერთა სკოლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და გამორჩეული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების დაინტერესებას გარემოსდაცვითი საკითხებით, საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების დონის ზრდასა და გარემოსდაცვითი ღირებულებების ჩამოყალიბებას. სასწავლო პროგრამა გამორჩეულია იმით, რომ იძლევა შესაძლებლობას, მიიღოთ ინფორმაცია სხვადასხვა აქტუალურ და საინტერესო გარემოსდაცვით საკითხზე და მოისმინოთ პროფესიონალი სტუმრების მოსაზრებები. ეკოლიდერთა სკოლაში მიღებული ცოდნა და აქ ჩამოყალიბებული ურთიერთობები, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი საფუძველი იქნება იმისათვის, რომ ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთონ ქვეყანაში არსებული გარემოსდაცვითი გამოწვევების გამკლავებაში და, რაც მთავარია, მთელი საქართველოს მასშტაბით გახდნენ გარემოსდაცვითი ცოდნისა და ინფორმაციის გამავრცელებლები”, - განაცხადა თამარ ალადაშვილმა.
„ IX-XII კლასის მოსწავლეები, სასწავლო პროგრამის ფარგლებში, მიიღებენ ინფორმაციას, სად და როდის ჩამოყალიბდა გარემოსდაცვითი მოძრობა, გაეცნობიან ადამიანის ეკოლოგიურ უფლებებს, ნარჩენების მართვის მნიშვნელობას და არსებულ საუკეთესო პრაქტიკას, ბიომრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობას, კლიმატის ცვლილების გავლენას და გარემოსდაცვითი განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის როლს გარემოს დაცვაში.
2022 წლის ეკოლიდერთა სკოლაში მონაწილეობის სურვილი, მთელი საქართველოს მასშტაბით, 375 მოსწავლემ გამოთქვა. კონკურსის საფუძველზე, ეკოლიდერთა სკოლაში მოხვედრა 62 მოსწავლემ შეძლო.
სასწავლო კურსი ორი თვე გაგრძელდება. თეორიულ სწავლებასთან ერთად, მოეწყობა საველე გასვლები. ლექციებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ. „ეკოლიდერთა სკოლა 2022” დისტანციურად, ZOOM-ის პლატფორმით განხორციელდება.
„ეკოლიდერთა სკოლა” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამაა, რომლის მიზანი ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაა“,- აღნიშნავენ უწყებაში.
16-11-2024
16-11-2024