9-05-2022
Credit Suisse Group-ის უპასუხისმგებლო, უკანონო და არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება განაგრძო ბანკის მეურვემ გერნზის კუნძულზე, რომელმაც არ გადაანაწილა თანხები ტრესტის ბენეფიციარებზე - ინფორმაციას ამის შესახებ ჯგუფი CS Victims-ი ავრცელებს.
ჯგუფის ინფორმაციით, ბანკის მეურვემ დაუსაბუთებლად გადადო გადახდა ერთი თვით, რითაც უარი თქვა კლიენტის მიერ 4 მარტს გაცემული მითითებების შესრულებაზე, რომელიც ელოდა, რომ განაწილება განხორციელდებოდა დადგენილი პრაქტიკის მიხედვით - რამდენიმე საათში.
მიუხედავად ამისა, Credit Suisse-ის მეურვე გამუდმებით აჭიანურებდა გადახდას, ითხოვდა შეუსაბამო დოკუმენტაციას, დაუსაბუთებელი და აბსურდული საბაბი მოჰყავდა და სრულიად უსაფუძვლო მიზეზებს ასახელებდა, როდესაც საქმე ეხებოდა ბენეფიციარებისთვის თანხების განაწილებას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კლიენტს ბანკის მეურვესთან კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა ამის მიუხედავად, ბანკის მეურვე გადახდის შეკავებას განაგრძობს. ბანკის მეურვის აღნიშნული ნაბიჯი ახალ ანტირეკორდს წარმოადგენს ძირითადი ვალდებულებებისა და კლიენტის უფლებების აშკარა დარღვევის კუთხით.
Credit Suisse Group-ის ასეთი დამოკიდებულება კლიენტების მიმართ ახალი არ არის. მანამდე, ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმად, Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას დაევალა გადაეხადა 500 მილიონ დოლარზე მეტი დაზარალებული კლიენტებისთვის.
ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადგინა, რომ შპს CS Life-მა (Bermuda) დაარღვია თავისი ვალდებულებები, დაფარა თაღლითობა, არ გაამჟღავნა დოკუმენტები და არ გადადგა ნაბიჯები ზარალის ასანაზღაურებლად.
გარდა ამისა, Credit Suisse-ს ემუქრება მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან გამოძიებები სხვადასხვა იურისდიქციაში შესაბამისობისა და რისკის შესახებ მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო. ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, კლიენტი აწარმოებს სასამართლო პროცესს სინგაპურში, რამაც საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს 600 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობით ზიანის ანაზღაურება, რომელიც უნდა გადაიხადონ Credit Suisse-ის შვილობილმა კომპანიებმა.
„აღსანიშნავია, რომ Credit Suisse-ის ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს მის უპატივცემულობას კლიენტების მიმართ მათი უფლებების უხეშად დარღვევითა და რეპუტაციის შელახვით. ასეთი ქმედებები შეიძლება ჩაითვალოს უკანონოდ. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ თანხების განაწილების ერთი თვით დაგვიანებით, ბანკის მეურვემ ანტირეკორდი დაამყარა კლიენტის მოთხოვნების უპატივცემულობისა და მათი ინტერესების შელახვის კუთხით“, - აღნიშნა CS Victims-ის წარმომადგენელმა. ჯგუფი CS Victims-ი Credit Suisse-ის გარკვეული კლიენტების წარმომადგენლების მიერ შეიქმნა. ისინი დაახლოებით მილიარდი დოლარის ოდენობის თაღლითობის მსხვერპლნი არიან, რომელიც ბანკის პერსონალმა ჩაიდინა შვიდი წლის განმავლობაში.
16-11-2024
16-11-2024